არასამთავრობო ორგანიზაცია “კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი” (CENN) ახორციელებს პროექტს სახელწოდებით “ტყის მდგრადი მართვა საქართველოში”. ამ პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ჟურნალისტების კვალიფიკაციის ამაღლება საქართველოს სატყეო რეფორმის, სატყეო პოლიტიკის ძირითადი გამოწვევებისა და განვითარების შესაძლებლობების შესახებ.
პროექტის ფარგლებში შეირჩა 50-მდე ჟურნალისტი მთელი საქართველოდან, რომელთაც 5 დღიანი ინტენსიური ტრენინგ-კურსი გაიარეს ბულაჩაურის მწვანე ცენტრში. განხილულ იქნა ისეთი საკითხები, როგორიცაა ტყის მდგრადი მართვა, ტყეების ეკონომიკური ღირებულება და პოტენციალი, ტყის დამოუკიდებელი მონიტორინგის მექანიზმები, სატყეო პოლიტიკა და სტრატეგია, საერთაშორისო პრაქტიკის მიმოხილვა და სხვა.
პროექტის ფარგლებში განხორციელდა და დაგეგმილია მედია-ტურები საქართველოს ტყეების სხვადასხვა მოწყვლად უბნებზე. ამავე პროექტის ფარგლებში გამოცხადებულია კონკურსი მედია-ნამუშევრებისათვის სხვადასხვა ნომინაციებში.
19 ივლისს მოეწყო მედია-ტური მდინარე თურდოს ხეობაში. მედია ტურში მონაწილე ჟურნალისტებმა ტრენერების ჭიჭიკო ჯანელიძის, ერეკლე ჩახვაშვილის და გიორგი იორამაშვილის თანხლებით საკუთარი თვალით იხილეს დეგრადირებული ტყე, უამრავი მეწყრული ადგილი და მეწყრულ ფერდობებზე მოსაჭრელად მონიშნული თუ უკვე მოჭრილი ხეები, ლიცენზირებული და უკანონო, პირდაპირ ტყეში მოწყობილი სანახშირეები.
ისინი საკუთარი თვალით დარწმუნდნენ იმაში, რომ მდინარე თურდო, მისი სათავე და კალაპოტი, ერთერთი ნათელი მაგალითია იმისა, ადამიანების უპასუხისმგებლობისა და უგუნურების შედეგად, თუ როგორ შეიძლება იქცეს ერთი პატარა მდინარე უდიდესი ზარალის მომტან და დამანგრეველ სტიქიად.
ფოტოზე: მდ. თურდოს კალაპოტის სიგანე მნიშვნელოვნად გაფართოვდა
პროექტის პარტნიორები და ფინანსური მხარდამჭერები არიან: ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისათვის (ADC), გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ), Global Forest Watch, GEF, UNEP.
ცოტნე მუსელიანი