სოფელ ფარში, მესტიის მუნიციპალიტეტში პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი სოციალური საწარმო “მზეკო” გაიხსნა.
საწარმოს დამფუძნებლები არიან ეკა წულუკიძე და მზია გვარმიანი. ამ სოციალურ საწარმოში ქალები არიან დასაქმებული და ის ს.ს.ი.პ. “ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდი”-ს ფინანსური მხარდაჭრით შეიქმნა.
საწარმო“მზეკო“ ზრუნავს ახალგაზრდა თაობაზე, ხელს უწყობს სოფლად ქალების დასაქმებას და რაც მნიშვნელოვანია ქმნის ადგილობრივ პროდუქტს. ჩვენ გავესაუბრეთ პროექტის დირექტორს ეკა წულუკიძეს:
– ქალბატონო ეკა, როდის დაიბადა საწარმოს შექმნის იდეა და რით განსხვავდება სოციალური მეწარმეობა ჩვეულებრივი ბიზნესისგან?
– სოციალური საწარმოს შექმნის იდეა უკავშირდება სოფელში ქალების დასაქმების სურვილს. სოფლად უამრავი ნიჭიერი ახალგაზრდაა, მნიშვნელოვანია, მათი შესაძლებლობები სწორი მიმართულებით წარიმართოს, აუცილებელია ახალგაზრდებმა გააცნობიერონ პროფესიული განათლების მნიშვნელობა და თავიანთი ხელობით შემოსავლის წყარო გაიჩინონ. სწორედ ამ მიზნით, გადავწყვიტეთ მე და მზიამ, შეგვეტანა განაცხადი ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში, რომელიც აქტიურად უჭერს მხარს სოციალურ პროექტებს.
პროექტის ფარგლებში დაფუძნდა სოციალური საწარმო “მზეკო“. სოციალური მეწარმეობა, კერძო ბიზნესისგან განსხვავებით, ორიენტირებულია სოციალური პრობლემების მოგვარებაზე, სოციალურ მეწარმეობას ორმაგი ფუნქცია აქვს, ეკონომიკური და სოციალური, ბიზნესიდან შემოსული მოგება ისევ სოციალური პრობლემის მოგვარებას ხმარდება.
ჩვენ შემთხვევაში, საწარმოდან მიღებული მოგება მიემართება ახალგაზრდების პროფესიული განათლების დაფინანსებისკენ, სამუშაო ადგილების შექმნისა და ადგილობრივი წარმოების პროდუქტის შექმნისაკენ.
– რა სახის პროდუქტი იქმნება თქვენს საწარმოში?
– საწარმოს ბიზნესი ძირითადად აგებულია საოჯახო ტექსტილის შექმნაზე. ჩვენ ვკერავთ მაღალი ხარისხის თეთრეულს.
პარალელურად ახალგაზრდებს საშუალება აქვთ შეისწავლონ მატყლის დამუშავებისა და სვანური ქუდების დამზადების ტექნოლოგია, დაეუფლონ ქსოვას, ქარგვას, თექაზე მუშაობის ტექნოლოგიას. ჩვენ ვქმნით 18 დასახელების პროდუქციას, სამკაულებს, აქსესუარებს და სუვენირებს.
– რამდენი ადამიანი გყავთ დასაქმებული საწარმოში?
– საწარმოში ამ ეტაპზე დასაქმებულია 5 ადამიანი.
– რამდენი ახალგაზრდა არის ჩაბმული პროექტში?
– ამ ეტაპზე გვყავს 15 ბენეფიციარი, რომლებიც ეუფლებიან ხელობას, მათ აქვთ შესაძლებლობა შექმნან პროდუქცია, მოახდინონ რეალიზება და მიიღონ ანაზღაურება 30 %.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ფესტივალებზე “სვანეთობა“ და “ფუძეობა“, ამ ფესტივალების ერთერთმა სპონსორმა ფინკა ბანკმა, სვანეთის მასშტაბით, სწორედ ჩვენი საწარმოს ბენეფიციარი ანა რეზესიძე გამოარჩია, როგორც ახალგაზრდა მეწარმე და 300 ლარიანი ანაბარი გადასცა საჩუქრად, რაც ამ ახალგაზრდას დაეხმარება განავითაროს კერძო ბიზნესი.
– როგორ გააგრძელებთ მუშაობას პროექტის დასრულების შემდეგ?
– პროექტი 3 თვე მიმდინარეობს, ამ ხნის განმავლობაში იქნება ინტენსიური სწავლება, შეიქმნება პროდუქცია, იგეგმება ტრენინგები, პროფესიული განათლების მნიშვნელობის შესახებ, ახალგაზრდები ავითარებენ მეწარმეობის უნარებს, რაც განმსაზღვრელ როლს თამაშობს მოზარდის ცხოვრებაში.
პროექტის დასრულების შემდეგ საწარმო გააგრძელებს თავის საქმიანობას, ვგეგმავთ საოჯახო ტექსტილის ხაზის გაფართოებას, მომხმარებელს შევთავაზებთ მაღალი ხარისხის, გამოვნებიან პროდუქციას.
– წარმატებებს გისურვებთ, თქვენი საქმიანობა ზემო სვანეთში ნამდვილად უპრეცედენტოა და მიმართულია ახალგაზრდების მომავალი განათლებისა და დასაქმების ხელშეწყობისაკენ.
– დიდი მადლობა.
მადონა წერედიანი, სოფ. ფარი