დღეს, 24 იანვარს, 12:00 საათზე ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის, ხოლო 14:00 საათზე ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზებში “რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონული ჰაბი“-ს წარმომადგენლები გამართავენ პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“-ს პრეზენტაციებს.
ჩვენ დეკემბერშიც ვწერდით ამ პროექტისა და “რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონული ჰაბი“-ს შესახებ. ახლა კი რეგიონული ჰაბის წარმომადგენლები – ივეტა თვალჭრელიძე, ქრისტინა და ბესო მურუსიძეები ქალაქ ცაგერში და დაბა ლენტეხში გამართავენ პროექტის პრეზენტაციებს და უპასუხებენ დაინტერესებული პირების შეკითხვებს.
პროექტს “სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით. კონსორციუმში ასევე შედის ოთხი ქართული ორგანიზაცია: სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG) და ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (KEDEC).
პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების გარემოს გაუმჯობესებას, გააძლიეროს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, გაზარდოს მათი ანგარიშვალდებულება მოქალაქეების მიმართ.
პროექტის ფარგლებში, 2020 წლის ბოლომდე უნდა ჩატარდეს სხვადასხვა ფორმისა და შინაარსის სულ მცირე 110 აქტივობა და გაიცეს 715 ათასი ევროს ღირებულების 79 ქვეგრანტი, რომლითაც უნდა ისარგებლოს სამოქალაქო საზოგადოების სულ მცირე 2500-მა წარმომადგენელმა მთელი საქართველოს მასშტაბით. პროექტის საერთო ბიუჯეტია 5.07 მილიონი ევრო (3.8 მილიონი ევრო ევროკავშირის მიერ არის გამოყოფილი). პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს მიერ.
ამ პროექტის ფარგლებში საქართველოს რეგიონებში შეიქმნა 10 რეგიონული ჰაბი (hub, ინგლ. - საინფ. მომს., საინფორმაციო ქსელის კონცენტრატორი; ქსელის ბირთვი; ცენტრი;): ამბროლაურში, ზუგდიდში, გორში, თელავში, მცხეთაში, მარნეულში, ოზურგეთში, ბათუმში, ქუთაისში, ახალციხეში.
თითოეული ჰაბი უნდა იყოს ინფორმაციის გავრცელების და კომუნიკაციის ხელშეწყობის, ტრენინგებისა და სხვა აქტივობების ცენტრი შესაბამის რეგიონში. რეგიონული ჰაბების ინსტიტუციური და ტრენინგებით მხარდაჭერა უნდა უზრუნველყოს პროექტის განმახორციელებელმა კონსორციუმმა.
ეს ინიციატივა მიზნად ისახავს: სამოქალაქო საზოგადოების დაფინანსების წყაროების გამრავალფეროვნებას, მათ შორის სახელმწიფო ფონდებისა და კერძო სექტორის გააქტიურებით, მოხალისეობის ინსტიტუტის ხელშეწყობითა და საგადასახადო გარემოს გაუმჯობესებით; სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების შესაძლებლობების, ანგარიშვალდებულებისა და სანდოობის გაზრდას, რათა მათ უკეთ დაიცვან მოქალაქეთა პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებები და ინტერესები; სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების თანამშრომლობის გაძლიერებას ხელისუფლებასთან, მედიასთან და ბიზნეს სექტორთან; სამოქალაქო საზოგადოების ერთობლივი ინიციატივების ხელშეწყობას საჯარო პოლიტიკის სფეროში, განსაკუთრებით ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების განხორციელებისას.
ცოტნე მუსელიანი.