გუშინ, 22 ივლისს, “ხელედულა 3” ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია დაიწყო ცაგერის რაიონის სოფელ ბარდნალაში. ძირითადად ქვემო სვანეთის სოფ. წანაშიდან ჩასულმა მოსახლეობამ კარვები გაშალა მობილიზებული ტექნიკის მიმდებარე ტერიტორიაზე და ხუთი ადამიანი უკვე მეორე დღეა შიმშილობს. ლენტეხის მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლები ლეჩხუმში ტექნიკის შემოყვანას აპროტესტებენ. სოფ. წანაშის მოსახლეობა აცხადებს რომ სამშენებლო კომპანია აპირებს სპეც ტექნიკის შეყვანას სვანეთში. ისინი ამბობენ, რომ მოსახლეობა კომპანიას მშენებლობის დაწყების უფლებას არ მისცემს: “არა სვანეთის დაცლას, გულგრილობა დანაშაულია, ვითხოვთ უსაფრთხო გარემოს”- ესაა აქციის მონაწილეთა მოთხოვნები.
ისინი შიშობენ, რომ ჰესის მშენებლობა ეკოლოგიურ და დემოგრაფიულ კატასტროფას გამოიწვევს, განადგურდება უნიკალური ჯიშის კალმახი და დაზიანდება სახლები, შლამით დაიფარება ხეობა, დაიკარგება სასმელი წყალი. მოსახლეობა ამბობს, რომ არცერთ პირობას არ დათანხმდება და კომპანიას ჰესის აშენების უფელებას არ მისცემს, ისინი ითხოვენ ცაგერის რაიონიდან გაიყვანონ ტექნიკა და გაუქმდეს ჰესის პროექტი.
აღსანიშნავია, რომ ივლისში ქვემო სვანეთის მოსახლეობა განსაკუთრებით გააქტიურდა და პერმანენტუად იმართებოდა საპროტესტო აქციები.
9 ივლისს მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა დაბა ლენტეხის ცენტრში გამგეობისა და საკრებულოს შენობის წინ და მასში ზემო სვანეთიდან და საქართველოს სხვა რეგიონებიდან ჩასული მოსახლეობაც მონაწილეობდა. ეს აქცია საპროტესტო მსვლელობით დამთავრდა, აქციის მონაწილენი მივიდნენ იმ სასტუმროსთან სადაც თურქი მშნებლები იყვნენ განთავსებული და მათი სვანეთიდან წასვლა მოითხოვეს. შემდეგ დღეებში საპროტესტო აქცია გაიმართა მდინარე დევაშთან ცენტრალურ გზასთან, აქციის მონაწილენი ტექნიკის გასვლას ითხოვდნენ სვანეთიდან. ამ აქციებს შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია მშენებლების და სამშენებლო ტექნიკის სვანეთიდან წასვლის შესახებ.
19 ივლისს, ცაგერის მუნიციპალტეტში ტექნიკის შემოყვანასთან დაკავშირებით, საპროტესტო აქცია გაიმართა დაბა ლენტეხში.
ლიკა დევდარიანი