9 ივლისს, ქ. ამბროლაურში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონული ჰაბის – “ფონდი აფხაზინტერკონტის“ (AIC) ორგანიზებით გაიმართა “სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ფორუმი – 2019”.
ფორუმში მონაწილეობდნენ რეგიონის ოთხივე (ამბროლაურის, ონის, ცაგერის და ლენტეხის) მუნიციპალიტეტის სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციები, მუნიციპალიტეტების თვითმმართველობების თანამშრომლები, საჯარო სკოლების, ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლები, ახალგაზრდები და სხვა დაინტერესებული პირები.
ფორუმის საპატიო სტუმარი იყო, ცნობილი მწერალი და საზოგადო მოღვაწე – გურამ ოდიშარია.
ფორუმის მიზანი იყო: მოხალისეობის კულტურის პოპულარიზაცია, მოხალისეობის სერვისის მიმღებსა და მოხალისეობით დაინტერესებულ პირებს შორის კომუნიკაციის ხელშეწყობა, დროის ბანკის პოპულარიზაცია, რეგიონული საზოგადოებრივი ორგანიზაციების ცნობადობის გაზრდა მათი საქმიანობის, განხორციელებული პროექტების შესახებ რეგიონის მოსახლეობის ინფორმირების გზით, საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიმართ ნდობის ამაღლება.
ფორუმის ორგანიზატორების მხრიდან უზრუნველყოფილი იყო უფასო ტრანსპორტირება დაბა ლენტეხიდან და ქ. ცაგერიდან. ქვემო სვანეთიდან ფორუმზე იმყოფებოდნენ საზოგადოებრივი ორგანიზაციის “აქტიური მოქალაქე–ანგარიშვალდებული ხელისუფლება”-ს გამგეობის თავმჯდომარე მზევინარ ლიპარტელიანი, ლენტეხის ლადო მუსელიანის სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის თანამშრომელი ბერდია ქურასბედიანი, ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი ანა გუგავა, ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის მერის წარმომადგენლებთან ურთიერთობისა და კოორდინაციის განყოფილების უფროსი მარეხი აფაქიძე და ლენტეხის მერიის სხვა თანამშრომლები. ფორუმზე იმყოფებოდნენ ასევე დაბა ლენტეხის პირველი საჯარო სკოლის და სოფ. რცხმელურის საჯარო სკოლის მოსწავლეები.
რეგიონულ ფორუმზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა მასალისგან შექმნილი საკონკურსო ნამუშევრები მოხალისეობის თემაზე, ჩატარდა ვიქტორინები რეგიონში მოქმედი სამოქალაქო საზოგადოებების ცნობადობის შესახებ.
ღონისძიების დასასრულს გამოვლინდნენ გამარჯვებულები, რომლებსაც გადაეცათ სამახსოვრო პრიზები.
ეს ფორუმი გაიმართა პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“-ს ფარგლებში.
“სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ სამოქალაქო საზოგადოების ინსიტუტთან (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრთან (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან (CSRDG) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) თანამშრომლობით. პროექტს აფინანსებს ევროკავშირი, ხოლო თანადამფინანსებელია კონრად ადენაუერის ფონდი.