მიგრაციის პროცესი რომ კოვიდ-19-ის პანდემიამ შეაფერხა ეს ყველასთვის ცნობილია, ცალკე პრობლემაა საქართველოს რეგიონებიდან და სოფლებიდან დიდ ქალაქებში და განსაკუთრებით თბილისში მოსახლეობის მიგრაცია. გადავწყვიტე მიგრაციის მიზეზებზე და მისეულ გამოცდილებაზე ქვემო სვანეთში მცხოვრებ ერთ ხელოვანს გავსაუბრებოდი, რომელიც წლების განმავლობაში ევროპაში ცხოვრობდა. მის საუბარში ბევრი საინტერესო და საჭირბოროტო პრობლემა წამოტივტივდა, გთავაზობთ ამ მონოლოგის ნაწილს:
“საშუალო სკოლა სვანეთში დავამთავრე, ახლა საჯარო ჰქვია, სახელების ცვლილება ზოგადად საქართველოს სენია, თითქოს სახელის ცვლილებით რაღაც იცვლება. სკოლის მერე უმაღლესში მინდოდა ჩაბარება, ქულები არ მეყო, უფრო სწორად ფული არ მეყო, მაშინ ფული ღირდა ეგ ამბავი. მერე ჯარში წავედი, საბჭოთა ჯარში ვიმსახურე. ჯარის შემდეგ სხვა ფაკულტეტზე ჩავაბარე, მაგრამ უკვე ომი დაიწყო 1991-92 წწ-ში, არც სტუდენტობა ყოფილა ისეთი როგორიც მინდოდა, ომი, კატასტროფა, ჯანდაბა და დავანებე სწავლას თავი, არ იყო საარსებო საშუალება. მერე სვანეთში წამოვედი, ვიყავი აქ 2-3 წელი ალბათ, ძალიან ცუდი დრო იყო 90-ანი წლები, არაფერი არ ხდებოდა აქ. მერე შემთხვევით აღმოჩნდა, რომ ჩემი შორეული ნათესავები ცხოვრობდნენ ევროპაში, გავყიდეთ რაღაც ქონება და წავედი.
რას გაურბის ადამიანი? მატერიალურ სიდუხჭირეს უფრო, ძირითადად ამას გაურბის, მე მგონი ეს იწვევს ამ მიგრაციის პროცესებს. მაგალითად, ქალაქში გადადის ადამიანი სვანეთიდან, რა თქმა უნდა ქალაქში მეტი შესაძლებლობებია, რომ ფული იშოვო, მაგრამ განსაკუთრებული სულიერი ცხოვრებით რომ ცხოვრობდეს იქ აქედან წასული ადამიანი, მე ვისაც ვიცნობ და რა გარემოშიც მიწევს ყოფნა, ნაკლებად არის ეგ ამბავი, იქაც იგივე რუტინაა, დილას ადგება თუ სამსახური აქვს სამსახურში მიდის, მერე მოდის ისევ სახლში, აქედან გაქცეული, ასე დავარქვათ, რომ იქ რაღაც განსაკუთრებული ცხოვრებით ცხოვრობდეს, აქაურისგან განსხვავებით, რაღაც კულტურულ ღონისძიებებზე დადიოდეს, არაა რა ასე… უბრალოდ, იქ ქალაქია, მეტი ხმაურია, მეტი მანძილებია დასაფარი, მეტი ხალხი ცხოვრობს და ამას თითქოს ერთობა ადამიანი, ჩემი დაკვირვებით, ესაა იქაურობის “ხიბლი” თითქოს.
ფილმში „ჯარისკაცის მამა“ რომ ჰყვება „პოეზდომ ეხალ, ეხალ…“, ასე წავედი ჯარისკაცის მამასავით ევროპაში – თვითმფრინავით ჩავფრინდით ლვოვში, ლვოვიდან წავედით მატარებლით ვარშავამდე, ვარშავიდან გადავჯექით და დრეზდენში ჩავედით, მერე დრეზდენში გადავჯექით და გავაგრძელეთ გზა… ტუალეტები ხომ ახლაც პრობლემაა ჩვენთან და ვარშავაში რომ შევედით ვაგზალზე, ტუალეტმა განმაცვიფრა იქ პირველად, რომ შევედი ისეთი კარგი სუნი იდგა და ისეთი სისუფთავე იყო, რომ გავოგნდი და ერთი საათი არ გამოვდიოდი იქიდან (იცინის), ამ დროს თბილისიდან რომ მივდიოდით დენი არ იყო, ნაომარი, ნაკატასტროფალი თბილისი, 1996 წელი იქნებოდა ალბათ, ჩამეხილი საქართველოდან წავედით, 2-სართულიანი მატარებლები პირველად ვარშავში ვნახე, უკრაინის მატარებელი უკეთესი იყო გაცილებით, პოლონური უკრაინულზე გაცილებით უკეთესი იყო და ბოლოს გერმანულ მატარებელში რომ ჩავჯექით ის უკვე სულ სხვა დონე იყო (იცინის), მატარებლიდან გარეთ არემარეს რომ ათვალიერებ იქაც საოცარი ცვლილებები იყო, უკრაინის გარემო ქართულ გარემოზე უკეთესი იყო, მერე პოლონეთში რომ ჩადიხარ ის უკრაინაზე უკეთესი იყო და გერმანიაში ბევრად უკეთესი.
წავედი ევროპაში, გავექეცი უფრო ალბათ, დუხჭირ ცხოვრებას, აქ არაფერი იყო, თუმცა არც ვიცოდი სად მივდიოდი, რა იყო იქ, რა ხდებოდა. ნათესავთან ჩავედი, იმან მითხრა, რომ აქ დარჩენის ერთადერთი საშუალება არის ემიგრანტთა ბანაკები, იქ უნდა მიხვიდეო… მივედი, მუშაობის უფლებას არ გაძლევდნენ, 1-2 თვეში ამ ბანაკიდან ანაწილებდნენ საერთო საცხოვრებლებში, სადაც მინიმალური კომფორტი იყო… დიდი მომხიბვლელი ცხოვრება არ აქვთ ემიგრანტებს…
ეპოქას რა მინიმალური კომფორტიც შეესაბამება, ამას რქმევია ეპოქალური კომფორტი. ევროპული ქვეყნები ამ მინიმალური კომფორტით უზრუნველყოფენ თავიანთ მოსახლეობას და ემიგრანტებს: ადამიანს უნდა ჰქონდეს თუნდაც ერთი ოთახი, უნდა იყოს აუცილებლად სააბაზანო-ტუალეტი თავისი ცხელი წყლით, სამზარეულოს ნიშა მაინც უნდა იყოს, სარეცხი მანქანა, სამედიცინო უზრუნველყოფა, თუ მუშაობს თავად უზრუნველყოფს თავის თავს, თუ არადა სახელმწიფო უზრუნველყოფს ამით, ტანსაცმელი, ელემენტარული, საზაფხულო და საზამთრო, ამას ყველაფერს აძლევდნენ იქ ადამიანს, ახლა იმდენი ემიგრანტია ევროპაში, რომ შეიძლება ადგილობრივებს უკვე თავი სძულთ…
საერთო საცხოვრებელში ვცხოვრობდი ორი წელი, ვინც დედამ დაწყევლაო, რომ იტყვიან, იმ საერთო საცხოვრებელში ცხოვრობდა, ყველა მიმართულების, რელიგიის, ეროვნების, რასის, კანის ფერის, სუყველა იქ იყო, მიკრო მსოფლიო არის უცხოელთა საერთო საცხოვრებლები ევროპაში, აზული ქვია, თავშესაფარს ნიშნავს, მე მგონი, ნამდვილი ჯოჯოხეთია, ვიღაცას შუაღამეზე ახსენდება რაღაც აღმოსავლური თუ აფრიკული ჰანგების ხმამაღლა მოსმენა, ვიღაცა ცეკვავს, ვიღაცა ტირის, ვიღაცა ჩხუბობს, საშინელება არის რა, მაგრამ შემოქმედის თვალით დანახული საინტერესო რაღაც არის, უცხოელები რომ ცხოვრობდნენ, სანაგვე ბუნკერების ჩაოხრებული შესახედაობით და სუნით იგრძნობოდა, თვითონ ევროპელების სანაგვე ურნები სადაც დგას, სადაც მათი სახლებია, იქ რომ მიხვალ ვერც იგრძნობ, რომ იქ ნაგავი ყრია, თითქოს იქ კულტურული კუთხეა გაკეთებული, ისე კარგად აკეთებენ ყველაფერს. ემიგრანტთა საერთო საცხოვრებლების ირგვლივ კი – დანაგვიანებული, ყველაფერი საშინელ დღეში, ამით იგრძნობოდა რომ უცხოელები ცხოვრობდნენ იქ და იმიტომ ვამბობ რომ მიკვირდა როგორ უძლებდნენ ის ერები ამას, კიდევ ამდენ ხალხს არჩენენ, ეპოქალური კომფორტით ყველა ადამიანს უზრუნველყოფენ, და პლიუს კიდევ ზოგი ემიგრანტი ათას უბედურებას სჩადის, ნარკოტიკების, ქურდობის და ათასი მამაძაღლობის საქმეებშია ჩართული.
მაგრამ მაინც არის იქ შესაძლებლობა იმის, რომ ადამიანმა თავისი ნიჭის და უნარის მიხედვით ისეთ მატერიალურ მდგომარეობას მიაღწიოს, რომ ადამიანად იგრძნოს თავი. თუმცა ეს იქ ძალიან ბევრი შრომის ფასად მიიღწევა, ჩვენ აქ გაცილებით მეტი თავისუფალი დრო გვაქვს, გაცილებით მეტი, იმდენად რომ წყალში ვყრით ამ დროს, იქ არ ყრიან წყალში, დრო ფული ღირს, იქ საათობრივი ანაზღაურებაა.
რაღაც ბაზა უნდა გქონდეს მატერიალური, რომ სულიერ ცხოვრებას მიხედო, სახლ-კარი თუ არ გაქვს ადამიანს და ლუკმა-პური საშოვნელი გაქვს, მე მგონი სულიერ ცხოვრებაზე ცოტა რთულია ფიქრი, ან მაშინ რელიგიაში უნდა იყო ადამიანი. რელიგიაში, ბერებზე მაქვს საუბარი, მატერიალური ყოფა წესით და რიგით უარყოფილი უნდა იყოს, ასეთ შემთხვევაში სიდუხჭირე არაფერია იმისთვის, სულიერებაა მთავარი, მაგრამ თუ ერში ცხოვრობს ადამიანი რაღაც საარსებო მინიმუმი უნდა გააჩნდეს, რასაც ევროპის სახელმწიფოები უზრუნველოფენ თავიანთი მოქალაქეებისთვის და ემიგრანტებისთვის, …
ხომ ვამბობთ ჩვენ, რომ ქრისტიანი ერი ვართ და ა.შ. ქრისტიანობის ამოსავალი წერტილი რა არის ? – ადამიანი, ხომ ასეა, არა ? მე როგორც ვიცი ასეა…
ევროპული სახელმწიფოებისთვისაც ადამიანია ამოსავალი წერტილი, მინიმუმი რაც სჭირდება ადამიანს იმისთვის რომ ღირსეულად იარსებოს და იყოს… ეს ყველა ადამიანს აქვს იქ, იქაური პოლიტიკური სისტემა ადამიანს არ აყენებს დაკნინებულ, დამცრობილ, ღირსებაშელახულ მდგომარეობაში, აძლევს იმას ყველაფერს იმისთვის, რომ საარსებო ბაზა ჰქონდეს და მერე თავისი უნარის და ტვინის შესაბამისად შეუძლია განვითარდეს…
შეადარე ახლა ჩვენი ქრისტიანობა იმათ ქრისტიანობას.
ორი წლის შემდეგ დამიმთავრდა იქ ყოფნის პერიოდი, თან ახლობლებიც არ მენახა… კი შემეძლო დარჩენა ან სხვა ქვეყანაში გადასვლა, მაგრამ ვიფიქრე ჩავალ საქართველოში და მერე ისევ დავბრუნდები-მეთქი და ჩამოვედი, თან გული იმაზე გწყდება, რომ იქ იმ პერიოდში მუშაობის უფლება არ მქონდა, უბრალოდ გინახავდა ის სახელმწიფო, ხარ იქ და ელოდები პასუხს, ადვოკატი გყავს აყვანილი, ცდილობ რომ საბუთები რაღაცნაირად გაიმყარო, მაგრამ უმრავლესობას უარს ეუბნებოდნენ…
მერე დავბრუნდი საქართველოში, მაგრამ იქ თითქოს შევეჩვიე იმ ორ წელიწადში, თითქოს ჩვეულებრივი გარემო იყო ჩემთვის, აქ რომ ჩამოვედი უკვე იმასთან შედარებით უფრო დამეხილი და განადგურებული მომეჩვენა საქართველო, აეროპორტშივე იგრძნობოდა ეს, რომ რაღაც კატასტროფულ ქვეყანაში დავბრუნდი, რომ ჩამოვედი ზამთრის პერიოდი იყო, იმ ღამეს თბილისში რომელ უბანშიც დავრჩი დენი არ იყო, სიცივე, მივხვდი რაღაცა საშინელებაში დავბრუნდი, დილით მეტროში ჩავედი, რომ გავმთბარიყავი და ხალხს როგორ ვუყურებდი, თითქოს მე ვიღაც მაგარი ტიპი ვიყავი, ეევროპიდან ჩამოსული, მეცოდებოდა ხალხი, მეტროში რომ ვუყურებდი, სიბრალულის გრძნობა გამიჩნდა ამ ხალხის მიმართ, ვფიქრობდი – „ვაი თქვე საცოდავებო სად ცხოვრობთ-თქვა“, იქაურობასთან შედარებით, მიუხედავად იმისა, რომ იქ დიდი არაფერი არ იყო…
დავბრუნდი და კატასტროფა იყო თბილისი და სვანეთი რა იქნებოდა?! ევროპაში დაბრუნების ნევროზი დამემართა, რომ რაც შეიძლება სწრაფად დავბრუნებულიყავი იქით.
ბოლოს მაინც დავბრუნდი ევროპაში, უკვე მქონდა მუშაობის უფლება და 5-6 წელი ვიყავი. პირველი ორი წელი ენაც არ ვიცოდი საკმაო დონეზე, მერე ენა რომ ვისწავლე, გავაგზავნე ჩემი ნამუშევრები ერთერთ უმაღლეს სასწავლებელში, ახლოს, სადაც მე ვცხოვრობდი. იქ ყველაფერში საფეხურები უნდა გაიარო ადამიანმა, სამსახურში რომ მიდიხარ და გინდა მაგალითად ტრაქტორისტად იმუშაო, ჯერ უნდა ისწავლო, კვირაში 2 დღე მუშაობ, 3 დღე სწავლობ, ორი წელი ასე სწავლობ, მერე თუ პრაქტიკას კარგად გადიხარ, რომელიმე ფირმა დაგიტოვებს და 1-2 წელი შეგირდი ხარ, ყველაზე დაბალი რანგის თანამშრომელი და ისევ სწავლობ, და მერე შენს მასწავლებელს ჰკითხავენ, ქართულ ფილმში “რაც გინახავს ვეღარ ნახავ” რომ არის, ოსტატად რომ უნდა აკურთხონ და ოსტატს რომ ეკითხება მართლა მისი ნახელავიაო, ე.ი ყოფილა ეს სიტემა ჩვენთანაც, კომუნისტების დროსაც იქნებოდა, ახლა ყველაფერი მოშლილია, … ამდაგვარი ამბავია იქაც ყველა სფეროში, თუ გინდა სამხატვრო აკადემიაში ისწავლო, სამხატვრო სკოლა მაინც უნდა გქონდეს დამთავრებული იქ, ან შენს ქვეყანაში მაინც, … ნახევარი ქულა დამაკლეს, და მომწერეს, რომ კი თქვენ ძალიან კარგი ნამუშევრები გაქვთ, მაგრამ… რა თქმა უნდა იქ კულტურულად გეუბნებიან უარს, წელს ვერ მოხვდით, მაგრამ გულს ნუ გაიტეხთ, მომავალში ისევ მობრძანდითო, ეს ნიშნავს რომ კერძოდ უნდა იარო ვიღაცასთან, ან სადმე მოემზადო… მერე რაღაც ინტერესი დავკარგე, ვერ ვქენი ეს და ამიტომ პროლეტარის ცხოვრებით ვცხოვრობდი – “ზავოდ-კრავოტ”.
ენის კურსებზეც ვიარე, მაგრამ ვერ შევძელი თან მუშაობა და თან სწავლა, ხან სად ვმუშაობდი, ხან სად, ერთ ადგილას რომ მუშაობდე იცი სადაც მუშაობ და მოარგებ იმ გრაფიკს … როცა ერთი თვე ერთგან მუშაობ, მეორე თვე – სხვაგან, ხან დღისით გიწევს, ხან ღამე, მგზავრობა 4 საათი და დრო არ რჩება …
ახლანდელი დრო იმით არის კარგი, რომ ევროპაში სასწავლებლად წასვლა არის შესაძლებელი. მე სულ მინდოდა, ოცნებაში მქონდა სასწავლებლად უცხოეთში წასვლა, მაგრამ ეს მიუღწეველი მეჩვენებოდა… რაღაც ისე დამთრგუნა სკოლის პერიოდმა, არ ვიცი ეს აღზრდის სისტემა, თუ რა იყო ასეთი, ფსიქოლოგიის აბსოლუტური არ არსებობა იყო საბჭოთა სკოლაში, ახლაც ისეა ალბათ, მაშინ პედაგოგები მაინც იყვნენ ნორმალური და ახლა მე მგონი პედაგოგებიც უჭირთ, არ ვიცი, ვიღაცეები იქნებიან ალბათ…
დასავლეთზე რომ ვლაპარაკობთ, იქ არჩევანის თავისუფლება აქვს ადამიანს, რაღაც შინაგანი ეძლევა, თუ ადამიანი სწავლისკენ არ არის მიდრეკილი, სხვა რაღაცას ირჩევს და მიდის და ცხოვრობს იმით მერე, რა თქმა უნდა ყველას არა აქვს იქ იოლად აწყობილი ცხოვრება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში იცის ადამიანმა, რომ თუ არ ისწავლა, ასე ვთქვათ, წიგნი თუ არ წაიკითხა, მაშინ პროფესია უნდა აირჩიოს და მორჩა, მუშაობს იმ პროფესიით მერე.
იქ მე ვიცხოვრე ჩვეულებრივი მუშათა კლასის ცხოვრებით, და ვერაფერი მომხიბვლელი ამაში ვერ აღმოვაჩინე, დილას დგები დანიშნულ დროზე, თითქოს საკონცენტრაციო ბანაკში ხარ, ერთიდაიგივე ამბავი ხდება ყოველ დღე, მიდიხარ ქარხანაში, გზაც ერთიდაიგივეა, იქ ერთიდაიგივე რაღაცას აკეთებ, ლაპარაკიც ერთიდაიგივე თემაზეა, თითქოს ყოველი დღე ერთმანეთს ჰგავს…
რომ ვიცხოვრე ასეთი პროლეტარის ცხოვრებით დიდხანს, ერთ მშვენიერ დღეს, გავიღვიძე დილას და ვფიქრობ: რატომ ვარ აქ? ძირითადად ეს ფული მყოფნიდა იმისათვის, რომ თავს ვირჩენდი, შვებულება მქონდა 1 თვე რა თქმა უნდა, შვებულების ფულს გაძლევენ და სახლში ჩამოვდიოდი იმ ფულით და უკან ვბრუნდებოდი, ამისთვის მყოფნიდა, ის ფული გყოფნის მაგალითად რომ სიტყვაზე ეგვიპტეში წახვიდე 1 თვით და დაისვენო, ამისთვის გყოფნის ის ხელფასი, წლის მანძილზე დაგროვებული და კიდევ დამატებით საშვებულებო ამისთვის გყოფნის, ან პარიზში წახვიდე და ნახო, მოკლედ ყველაფერს ნახავ სადაც გინდა, მოივლი მთელს მსოფლიოს, მაგრამ წელიწადში 1 თვეა შვებულება, დანარჩენ დროს მუშაობ.
ხელოვანისთვის ქარხანაში მუშაობა ძალიან რთული ამბავია (იცინის)… გალაქტიონს რომ ქარხანაში ემუშავა დაწერდა თავის შედევრებს? არა მგონია.
ყოველდღე ერთიდაიგივე – ქარხანა-სახლი, იქაური გარემო, რაც აღაფრთოვანებს ადამიანს, რისთვისაც მიდის ტურისტი, პირველ რიგში არქიტექტურა გხვდება თვალში, ყველაფერი მოწყობილი, დავარცხნილი, დაბანილი, ყველაფერი კარგად, მაგრამ უკვე იქაური ცხოვრებით რომ იწყებ ცხოვრებას ამ სილამაზეზე უკვე აღარ გაქვს რეაქცია, ერთფეროვანი ხდება ყველაფერი, იქაურებისთვის მშვენიერი ცხოვრება იყო, იქვე ცხოვრობდნენ გვერდით… გადაირბენდნენ სახლში როცა უნდოდათ, ყველა იცნობს ერთმანეთს და ვფიქრობდი ეს ქარხანა რომ ლენტეხში იყოს, მაშინ გაცილებით კომფორტული იქნებოდა …
შენი ოჯახი რომ არა გაქვს თითქოს სახლში მისვლაც არ მიგიხარია, გინდა იმ ქარხანაში ყოფილხარ, გინდ სახლში, ცარიელია იქაც და იქაც.. ვერ გეტყვი რომ ნოსტალგია მქონდა სამშობლოსი, რომ ამბობენ ხოლმე, ეს ნამდვილად არ მქონია… ახლაც იქ რომ ჩავდივარ იქაურობა უფრო მიყვარს, იქაური გარემო, არ ვიცი რით არის გამოწვეული, აქაურობა არ მძულს, მაგრამ… ეტყობა მე მიყვარს ის მოწესრიგებულობა, რაც იქ არის, არქიტექტურა მაგარია, ყველაფერი დალაგებულია, ეტყობა ეს მიზიდავს… აქ რომ ჩამოდიხარ უყურებ, რომ ზუსტად იგივე მასალით იმათ კარგად გამოსდით, აქ მიფუჩეჩებულობის, მიტოვებულობის, უპატრონობის, მიგდებულობის შეხედულება გექმნება ადამიანს… ბოლო სამუშაოზე ორი ტრანსპორტის გამოცვლა მიწევდა და მერე 1 კილომეტრის ფეხით გავლა და იქ ყოველთვის ერთიდაიგივე ადგილას ერთი კაცი მხვდებოდა, რომელიც იმავე ქარხანაში მუშაობდა წლების განმავლობაში, დაზგის ფორმა ჰქონდა მიღებული, ალბათ უკვე საპენსიო ასაკისკენ მიდიოდა ეს კაცი, ერთიდაიგივე ტანსაცმელში, ერთიდაიგივე პოზაში იდგა, სახეზე უბედურება არ ეხატა, მაგრამ აღარც ბედნიერება ეხატა, მთელი ცხოვრება ალბათ ქარხანაში მუშაობდა, ერთიდაიგივე საქმის კეთებაზე და რობოტივით იყო, ამ სურათს ვხედავდი ყოვლდღე 4-5 თვის მანძილზე და ბოლოს ვიფიქრე სანამ ამას არ დავმსგავსებივარ მეთქი წავიდე სახლში რა, საქართველოში, თავის რჩენას იქაც შევძლებ-მეთქი, დავფიქრდი რა პერსპექტივა მელის მეთქი, პროფესია არაფერი მაქვს, თუმცა შეიძლებოდა პროფესიის მიღება… დავკარი ფეხი და წამოვედი, შემეძლო იქ ყოფნა კიდევ …
გავიდა იმის მერე 14 წელი და რომ ვუფიქრდები, ერთადერთი და შეიძლება ეს არის უმთავრესი მაინც, რაც ამ პერიოდში დადებითი მომენტი ჰქონდეს ჩემს ცხოვრებას არის ის, რომ ცოლი შევირთე და შვილები მყავს, დანარჩენს რომ ვუყურებ, ყველანაირად ვნანობ რომ დავბრუნდი. და რატომ? აი ახლაც ვფიქრობ წასვლაზე… სადმე ან ისევ ევროპაში, ისევ და ისევ ამ მატერიალური მდგომარეობიდან გამომდინარე, … ლენტეხში აქ ძალიან ნიჭიერი ხალხი არიან, ბავშვები, მაგრამ უპერსპექტივობის ღრუბელია…
აი, მაგალითად, ვაკვირდები ბიჭებს, ახლა ბირჟაობენ და ლუდს ეძალებიან ყოველდღე, მინახავს ეს ბიჭები კარგად ჭიდაობდნენ ბავშვობაში, მაგრამ მერე მშობლებს რომ არ ჰქონდათ საშუალება, რომ ეპატრონათ თბილისში, დარჩნენ აქ და ბირჟაობენ, ალკოჰოლს ეძალებიან … ვერც ოჯახს ქმნიან…
ევროპაში, განვითარებულ ქვეყნებში ყველა რეგიონი, დასახლება ერთ დონეზეა განვითარებული…
შეიძლება ჩვენ თვითონ უნდა შევქმნათ რაღაც პერსპექტივის გარემო… ”
ესაუბრა ცოტნე მუსელიანი.