სხვადასხვა კულტურებთან ერთად, საქართველოში ჩაის მოყვანის მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია არსებობს. შოთა კოპალიანი ცაგერის რაიონის სოფელ ჭალისთავში ცხოვრობს. მას ჩაის დამზადების კულტურა მემკვიდრეობით წინაპრებისგან ერგო და დღემდე მის შენარჩუნებასა და განვითარებაზე ზრუნავს.
ის ერთერთი მეწარმეა, რომელმაც ევროკავშირის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტი GRETA-ს ხელშეწყობით, უკვე მოახერხა, საკუთარი წარმოების განვითარება და გაზრდა. პროექტში ჩართვის შემდეგ, მისი საწარმო, ველურად მზარდი მცენარეების გადამამუშავებელი და საშრობი აღჭურვილობებით მოეწყო. სწორედ ამ დანადგარების საშუალებით, იგი ბიო სერტიფიცირებული ჩაის დამზადებას შეძლებს.
მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის შიგნით წარმოებული ჩაის ფასი დაბალია და უმეტესწილად, ხარისხითაც სჯობს იმპორტირებულ პროდუქტს, შემოტანილი ჩაი დღემდე ბაზრის 80% იკავებს. მეწარმე შოთა კოპალიანისთვის, სწორედ ეს გარემოება აღმოჩნდა კარგი საფუძველი იმისათვის, რომ ბიოსერთიფიცირებული ადგილობრივი ჩაის აქტიური წარმოება დაეწყო. მისი აზრით, ქართულ ჩაის, ადგილობრივ ბაზარზე, იმპორტირებული პროდუქტისთვის კონკურენციის გაწევის მაღალი პოტენციალი გააჩნია:
„ჩვენ გარდა, ლეჩხუმში, არავინ ამზადებს ჩაის, შესაბამისად, კონკურენტიც არ გვყავს. ჩვენი ერთადერთი კონკურენტი ბუნებაა – ის გვაძლევს საარსებო წყაროს. თანაც, გასათვალისწინებელია, რომ ყველა ამ პროდუქტს სამკურნალო დანიშნულებით მოიხმარენ. ამ საქმიანობის ბიზნესად გადაქცევა მე და ჩემმა მეუღლემ დაახლოებით 6-7 წლის წინ გადავწყვიტეთ. კუსტარულად, ჩვენი ხელით დავამზადეთ საშრობი. საჭირო დანადგარები ძალიან ძვირი ღირდა და სამწუხაროდ, ჩვენ მას ვერ შევწვდებოდით, ამიტომ, წლების განმავლობაში, გვიჭირდა გაფართოება. თუ რაიმეს გამოვიმუშავებდით, ყველაფერს ამ საქმეში ვაბანდებდით. პროექტი GRETA თითქოს, ხსნასავით აღმოჩნდა ჩვენთვის, ავადმყოფს რომ წამალს მიაწვდი, ზუსტად ასეა ჩვენი საქმე. აგვარიდა სესხებს, რომელსაც მთელი ცხოვრების ბოლომდე ვერ დავფარავდით. რომ არა ევროკავშირის, შვედეთისა და ავსტრიის მხარდაჭერა, ჩვენ დამოუკიდებლად, ვერასდროს შევძლებდით ამ ყველაფერს“, – ამბობს შოთა კოპალიანი.
პროექტის ფარგლებში გადაცემული დანადგარები შოთა კოპალიანს პროდუქტის საბოლოო, გასაყიდი სახის მიღების შესაძლებლობას აძლევს – მის საწარმოს როლერი და ოთხი საშრობი დაემატა, ასევე, დანადგარი, რომელიც 100-150 გრამიან პაკეტებში ჩამოყრის და დააფასოვებს ჩაის. მუყაოს ქაღალდების შესაფუთი დანადგარი კი, პროდუქტს საბოლოო სახეს მისცემს.
„გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში, მივიღებთ პიკაპს, ავტომანქანას, რომელიც პირველადი პროდუქტის მოძიებასა და გადაზიდვისთვის გვჭირდება. ყველა მცენარე, რომლისგანაც ჩაის ვამზადებთ, ველურად, მთებში, კლდეებში იზრდება და ძალიან რთული მოსაპოვებელია. ძველი ავტომობილი გვყავს, იმით ვცდილობთ იქამდე მივაღწიოთ ხოლმე, სადამდეც მოგვიხერხდება, მერე უკვე, მიუვალ მთებში, ფეხით ვაგრძელებთ გზას. გარდა ამისა, ფოთლები მალფუჭებადია, ხურდება და თუ დროულად არ მოვიტანეთ ადგილზე, შეიძლება, ჩახურდეს და გაგვიფუჭდეს. პიკაპი, რომლის შეძენა პროექტითაა გათვალისწინებული, გადამწყვეტი მნიშვნელობისაა ჩვენი წარმოებისთვის“, – ამბობს შოთა კოპალიანი.
ამჟამად, მის საწარმოში – მოცვის, მაყვლის ფოთლების, ცაცხვის ყვავილის, ველური კომშისა და დეკას ჩაი მზადდება. როგორც თვითონ ამბობს, ახლა აქვს საფუძველი, რომ სამომავლოდ, თამამად იფიქროს განვითარებაზე და სხვადასხვა ფოთლებისგან დამზადებული ექსპერიმენტული ჩაის ნაზავებს უკვე პროდუქტის სახე მისცეს, რისი შესაძლებლობად, საჭირო დანადგარების გარეშე არ ჰქონდა.
კახაბერ გასვიანი პროექტ GRETA-ს კიდევ ერთი ბენეფიციარია ცაგერის რაიონიდან. ზღვის დონიდან 1000 მეტრზე, ცაგერის სოფელ ქულბაქში მწვანე ტბა მდებარეობს. 2005 წელს კახა გასვიანმა მიტოვებულ ტბორსა და გაუვალ ტყეზე ზრუნვა დაიწყო – თევზაობის სიყვარულით შთაგონებულმა კი საკალმახე აუზების მოწყობა გადაწყვიტა და აგროტურიზმის განვითარებას მიჰყო ხელი. 2014 წლიდან ხუთი ოჯახი გაერთიანდა – მათ შექმნეს კოოპერატივი „ქულბაქის მწვანე ტბა“ და შეიძინეს საჭირო ინვენტარი საკალმახე მეურნეობის განსავითარებლად.
პროექტ GRETA-ს ხელშეწყობით, წარმოება აღჭურვილი იქნება თევზის საკვების გადამამუშავებელი დანადგარებით (თანამედროვე საწარმოო ხაზით), რომლის მეშვეობით კახაბერს ექნება შესაძლებლობა, ადგილობრივი ნედლეულის გამოყენებით, დაამზადოს საკვები, როგორც საკუთარი, ასევე რეგიონში არსებული სხვა სათევზე მეურნეობებისთვის. პროექტის ხელშეწყობის შედეგად, მწარმოებელს შეუმცირდება დანახარჯები და გაეზრდება შემოსავალი. ასევე, დასაქმდება რამდენიმე ადგილობრივი მაცხოვრებელი.
„2021 წლის ბოლომდე, თევზის ორგანული საკვების წარმოების დაწყებას შევძლებთ, რაც ქართული მეთევზეობის სფეროში სრულიად ახალი პროდუქტია. ამის საჭიროება, დიდი ხანია არსებობს როგორც რეგიონში, ისე მთელ საქართველოში, რადგან ადგილობრივი წარმოების საკვები ბაზარზე, თითქმის არ არსებობს. ჩვენი გათვლით, წელიწადში 50 ტონაზე მეტი ორგანული საკვების წარმოება იქნება შესაძლებელი, რაც საკალმახის გაფართოებასა და თევზების რაოდენობის ზრდაზეც აისახება. ბიო საკვები და მასზე გაზრდილი თევზები, არამარტო ადგილობრივ, არამედ უცხოელ შემსყიდველებშიც დიდ ინტერესს გამოიწვევს“ – ამბობს კახაბერ გასვიანი.
როგორც თავად კახა გვიყვება, თევზის საკვებთან დაკავშირებით, უამრავი პრობლემა არსებობს. ძირითადად, პროდუქტი უცხოეთიდან შემოდის და საკმაოდ ძვირადღირებულია, რის გამოც, გახსნილი მცირე საკალმახეები მალევე იხურება, რადგან თევზის შენახვა საკმაოდ ძვირი ჯდება:
„საკვებთან დაკავშირებით, ყოფილა შემთხვევები, როცა ჩამოსულა პროდუქტი და გაფუჭებული ან ვადაგასული ყოფილა. დატანილ ვადებს ცვლიან და ძველ პროდუქტს ყიდიან, რაც თევზის სიკვდილიანობას იწვევს. მეც მქონია მსგავსი შემთხვევა, როცა გაფუჭებულმა საკვებმა თევზები დამიხოცა. ყველა ინგრედიენტი, რაც ამ საკვებში შედის, საქართველოშიც არსებობს, უბრალოდ, წარმოება არ ხდება. არა და, საკმაოდ შეამცირებს ამ საკვების თვითღირებულებას, რაც აუცილებლად აისახება თავად თევზის ფასზეც“.
კახაბერ გასვიანი მიიჩნევს, რომ სწორადაა დანახული პროექტის ფარგლებში მცირე ბიზნესის საჭიროებები, რაც აძლიერებს და ეხმარება მეწარმეებს, ეკონომიკურად მზარდები გახდნენ – „უფრო მეტად იზრდება სანდობაა ადგილობრივად დამზადებულ პროდუქტზე, იცი, რას აჭმევ თევზს. ასევე, თავად ინგრედიენტებსაც ადგილობრივი მაცხოვრებლებისგან ყიდულობ – სიმინდია, ფქვილია, თუ სხვა პროდუქტი, რაც თავის მხრივ, ეკონომიკურად აძლიერებს სხვა ადგილობრივ წარმოებასაც. შესაბამისად, მათთვისაც იზრდება მოთხოვნა და თავიანთი ბიზნესის გაფართოების შესაძლებლობა ეძლევათ. რაჭა-ლეჩხუმსა და სვანეთში ბევრი პატარ-პატარა საკალმახეა, რომლებიც ელოდებიან, როდის დავიწყებთ ჩვენ წარმოებას. საჭირო დანადგარი უკვე შესყიდულია და ორ თვეში ჩამოვა საქართველოში, ჩვენც მალევე შევუდგებით წარმოებას. დასაწყისისთვის, სწორედ ამ რეგიონების ათვისებას ვაპირებთ. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი, ისევ და ისევ, ქვეყნის ეკონომიკას აძლიერებს. რაც უფრო ძლიერია ბიზნესი, მით უფრო მყარია ეკონომიკაც ქვეყანაში“ – ამბობს კახაბერ გასვიანი.
GRETA|„მწვანე ეკონომიკა: მდგრადი სამთო ტურიზმი და ორგანული სოფლის მეურნეობა საქართველოში ევროკავშირის, ავსტრიისა და შვედეთის მხარდაჭერით 2018 წლიდან მიმდინარეობს, რომელსაც საქართველოში ავსტრიის განვითარების სააგენტო ახორციელებს.პროექტი მიზნად ისახავს ბიზნეს-გარემოს გაუმჯობესების ხელშეწყობას და დამატებითი შემოსავლის შექმნის შესაძლებლობის გაზრდას საქართველოს ეკონომიკისთვის ორ ისეთ მნიშვნელოვან სექტორში, როგორიცაა სამთო ტურიზმი და ორგანული სოფლის მეურნეობა. მცირე და საშუალო მეწარმეებს, შესაძლებლობა ეძლევათ, მიიღონ საჭირო ფინანსური დახმარება საკუთარი წარმოებისა და სერვისების გასაუმჯობესებლად, აღმოაჩინონ ახალი საბაზრო შესაძლებლობები და ადგილობრივი, ხარისხიანი პროდუქტის წარმოებით, კონკურენცია გაუწიონ იმპორტირებულ პროდუქტს.
პროექტი ადგილობრივ მთავრობასთან მჭიდრო თანამშრომლობით მიმდინარეობს და მოიცავს ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმის, ქვემო სვანეთისა და ზემო იმერეთის რეგიონებს, რომელშიც მეწარმეები ჩართულები არიან – მესტიის, ლენტეხის, ცაგერის, ონის, ამბროლაურის, საჩხერის, ჭიათურისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტებიდან. ამ ეტაპზე, პროექტში ჩართულია ტურიზმში მოღვაწე 400 მცირე საწარმო და 230 ორგანულ სასოფლო-სამეურნეო სექტორში მოღვაწე ფერმერი, რომლებიც პროექტიდან სხვადასხვა სახის მხარდაჭერას იღებენ. დაინტერესებულ ადამიანებს სრულყოფილი ინფორმაციის მიღება მუნიციპალიტეტების გამგეობის სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურებიდან ან თავად პროექტის ვებგვერდიდან შეუძლიათ – https://gretaproject.ge.
პროექტი GRETA ბენეფიციარებს ბიოსერთიფიკატის მიღების პროცესშიც ეხმარება, რაც ერთიორად ზრდის წარმოებული პროდუქტის სანდოობას და საერთაშორისო ბაზრის ათვისების შესაძლებლობასაც იძლევა. ეხმარება პროექტის მონაწილეებს მსხვილ კომპანიებთან მარკეტინგის მიმართულებით კომუნიკაციის წარმოებაშიც, რაც ზრდის ბაზრის სწრაფად ათვისების პოტენციალს.
ავტორი: თამარ კურატიშვილი
სტატია მომზადდა პროექტი „EU NEIGHBOURS east” თანამშრომლობის ფარგლებში. სტატიაში გამოხატული მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ და მხოლოდ სტატიის ავტორს.