1 სექტემბერს პარტია “საქართველოსთვის” ლიდერმა გიორგი გახარიამ საჯაროდ განაცხადა, რომ 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში ჯამლათ გვიდიანი იქნება ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი ამ პარტიიდან.
ჯამლათ გვიდიანი 1988 წლის 26 სექტემბერს დაიბადა დაბა ლენტეხში. მისი მშობლები ნარგიზა ონიანი და გოგი გვიდიანი ამჟამად სოფ. საყდარში ცხოვრობენ. ჯამლათ გვიდიანმა ლენტეხის N1 საჯარო სკოლა 2006 წელს დაამთავრა, ის არის კიოლნის უნივერსიტეტის სამართლის მაგისტრი (2013-2014 წწ), ასევე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლის მაგისტრი ( 2012-2013 წწ ), ბაკალავრიატი კი ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2010 წელს დაასრულა.
ჯამლათ გვიდიანი 2015-2021 წლებში მუშაობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მოქალაქეობისა და მიგრაციის სამსახურში მთავარ სპეციალისტად, 2018 წელს მუშაობდა ამავე სააგენტოს ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის უწყვეტი განხორციელების პროექტში ელექტრონული მმართველობის და საზოგადოებრივი ცენტრების სერვისების მიწოდების მრჩეველის თანამდებობაზე, 2017-2018 წლებში იყო იუსტიციის სამინისტროს სასწავლო ცენტრის მიწვეული ტრენერი, 2017 წლიდან არის ადვოკატი სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციით, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი.
თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე კანდიდატების საჯარო წარდგენაზე გიორგი გახარიამ ჯამლათ გვიდიანი შემდეგნაირად დაახასიათა: ,,პროფესიით ადვოკატი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი, კიოლნის უნივერსიტეტის სამართლის მაგისტრი, ღირსეული ახალგაზრდა კაცი, ახალგაზრდა თაობის, ახალგაზრდა ფორმაციის, მომავლის პოლიტიკოსი! ”
პარტიიდან “საქართველოსთვის” ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატთა პარტიულ სიაში
პირველი ნომერია დაბა ლენტეხის მკვიდრი, პედაგოგი ნინო ბენდელიანი, ხოლო მეორე ნომერი გახლავთ, სოფ. მელეს მკვიდრი, ასევე პედაგოგი – ბესიკ ავალიანი. ლენტეხის საკრებულოს მაჟორიტარი კანდიდატები ამ პარტიას მხოლოდ 2 მაჟორიტარულ ოლქში ეყოლება: ხოფურში – მარიამ (მარინა) ღვაჩლიანი და ჩოლურში – ალექსი ლიპარტელიანი.
ამ დროისთვის, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ჯამლათ გვიდიანი ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერობის ერთადერთი კანდიდატია ოპოზიციური პარტიებიდან, ხოლო მმართველმა პარტიამ მერობის კანდიდატად გია ონიანი ჯერ კიდევ 30 ივლისს დაასახელა.