“მე მიყვარს ხოფური”- სახალხო ფესტივალი ქვემო სვანეთში

სვანეთის უძველეს და ულამაზეს სოფელ ხოფურში, ამავე სოფელში აღზრდილმა  ნინო გაბიძაშვილმა შესანიშნავი სახალხო ფესტივალი „მე მიყვარს ხოფური“ დააფუძნა, რომელიც ყოველწლიურად შუა აგვისტოში ტარდება.

წელსაც, 1 აგვისტოს, ქალბატონმა ნინომ სოციალური ქსელის მეშვეობით მოუწოდა ყველა მსურველს აქტიურად ჩართულიყვნენ ფესტივალის ორგანიზებაში და 16-19 აგვისტოს,  ხოფურის საჯარო სკოლის დირექტორის, შორენა ქურასბედიანის და ადგილობრივი ახალგაზრდების მხარდაჭერით, ჩატარდა 4-დღიანი სახალხო დღესასწაული.

ფესტივალის ყოველი დღისთვის სოფელში წინასწარ აკრავდნენ და სოც. ქსელშიც აქვეყნებდნენ აფიშებს.

ნინო გაბიძაშვილი, ფოტოს ავტორი: ნატო გელაშვილი

ფესტივალი გაიხსნა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გმირულად დაღუპული, ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენის კავალერის – ლაშა ქურასბედიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამოთი, რასაც მოჰყვა მხიარული სტარტები და შემოქმედებით-შემეცნებითი ღონისძიება.

უკრაინის პატივისცემის ნიშნად მარიამ მუსელიანმა შეასრულა უკრაინული სიმღერა:

ფოტოს ავტორი: ნატო გელაშვილი

მეორე დღეს გაიმართა სპორტული შეჯიბრებები და გათამაშდა ,,სამარადისოდ ჭაბუკებად” დარჩენილი ხოფურელი ბიჭების სახელობითი თასები:

სოსო ქურასბედიანის – ფრენბურთში,
მერაბი ლიპარტელიანის -კალათბურთში,
დათო ქურასბედიანის – ჭადრაკში,
ზვიადი ლიპარტელიანის – დომინოში,

შემდეგ კი შესრულდა ფოლკლორული ნომრები და გაიმართა “ხოფური – დისკოფართი“.

ფოტოს ავტორი: ნატო გელაშვილი

მესამე დღეს – პარამკლავჭიდელი დათო ლიპარტელიანის პატივსაცემად ჩატარდა  შეჯიბრი   მკლავჭიდში და გაგა ქარდავას ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი – ფეხბურთში.

ფოტოს ავტორი: ნატო გელაშვილი

მეოთხე დღეს – გაიმართა პოეტ სოფია ქურასბედიანის შემოქმედებითი საღამო და შეხვედრა „პატარა ხოფურის დიდი შვილები“ – მსოფლიოში სახელგანთქმულ ტენორთან, გია ონიანთან. ფესტივალის ჭადრაკის ტურნირის გამარჯვებული გახდა ნინუცა ქურასბედიანი, მკლავჭიდში – თამაზ გულბიანი, დომინოში – დავით მუსელიანი და ლევანი კვასტიანი. შაშში – გიორგი აფაქიძე. ფრენბურთში თასი მოიგო ნანარის გუნდმა, კალათბურთში – ჯამათშერის გუნდმა,
ფეხბურთში ფინალში ჯამათშერის და ლენტეხის გუნდები შეხვდნენ ერთმანეთს და ისიც ჯამათშერის გუნდის გამარჯვებით დასრულდა.

გამარჯვებულებისთვის პრიზების გადაცემაში მონაწილეობდა – გია ონიანიც, საპატიო სიგელები გადაეცათ ხოფურის ღირსეულ და დამსახურებულ ქალბატონებს: გულნაზი ქურასბედიანს და ნანა ბიწაძეს.

სოფია ქურასბედიანი , ფოტოს ავტორი: ნატო გელაშვილი

საღამოზე, ადგილობრივ მაცხოვრებლებთან ერთად, გია ონიანმაც შეასრულა სვანური სიმღერა.

ამოღებულიააია გუგავას ვიდეო-მასალიდან

ფესტივალის დასასრულს გაუშვეს მანათობელი ფრანები და ფოიერვერკები.

ფოტოს ავტორი – გვანცა ქურასბედიანი

ჩვენ კომენტარი ვთხოვეთ ქალბატონ ნინო გაბიძაშვილს, აი რა მოგვწერა მან:

“მე ვარ დამფუძნებელი და ორგანიზატორი  სახალხო ფესტივალისა “მე მიყვარს ხოფური“, რომელიც ხოფურში ყოველწლიურად იმართება აგვისტოს თვეში 2018 წლიდან. გარდა გამონაკლისისა პანდემიის გამო – 2021 წელს არ ჩატარდა, 2020 წელს კი მხოლოდ ერთ დღიანი იყო.

მე სვანეთში წლებია არ ვცხოვრობ, მაგრამ უზომოდ მიყვარს ჩემი სოფელი და ვერასდროს ველევი ჩემს ლამაზ ბავშვობას. ფესტივალის ჩატარების იდეა დამებადა 2017 წელს, როდესაც ზაფხულში ხოფურში ჩავედი და ვნახე, თუ როგორი სიცოცხლე წართმეული იყო, ერთ დროს ჩემი ჟრიამულიანი, დიდი ტრადიციების მქონე სოფელი. ხოფრულაზე არც საბანაო გუბე იყო გაკეთებული და აღარც სტადიონზე თამაშობდა ვინმე. ადგილობრივი თუ ზაფხულის არდადაგებზე სოფელში ჩამოსული ბავშვები ჯგუფ-ჯგუფად ტელეფონებში ჩამსხდარნი ერთობოდნენ.

    ჩემი მიზანია ხოფურის თემში აღდგეს ტრადიციები:

1. ჯანმრთელი ცხოვრების წესის დამკვიდრება, აღვადგინოთ მივიწყებული თამაშები.
2.  ნიჭიერი ახალგაზრდების გამოვლენა და წახალისება.
3. სვანური ენის პროპაგანდა.
4. ხოფურელი ცნობილი ადამიანების პატივისცემა.
5. აწ  გარდაცვლილი საამაყო ადამიანების არ დავიწყება.

ფესტივალის ფარგლებში ვატარებთ სხვადასხვა სპორტულ შეჯიბრებებს: მხიარული სტარტები, ფრენბურთი, კალათბურთი, ფეხბურთი, ჭიდაობა, მკლავჭიდი, ჭადრაკი, დომინო და სხვა, სადაც თამაშდება სახელობითი თასები “სამარადისოდ ჭაბუკებად“ დარჩენილი ხოფურელი ბიჭების სახელზე.

იმართება შემეცნებითი და შემოქმედებითი საღამოები.

ჩატარებული საღამოებიდან გამოვარჩევდი: (2018 წელს – ირმა ქურასბედიანის პოეზიის საღამო, 2019 წელს –  ზაური ქურასბედიანის გახსენება, “პატარა ხოფურის დიდი შვილები“,  ღვაწლმოსილი პედაგოგების გაცილება, 2022წელს – სოფია ქურასბედიანის შემოქმედებითი საღამო, “ხოფურლების წარმატებული ბადიშები“, შეხვედრა მსოფლიო ხმასთან ქართველ ტენორთან – გიორგი ონიანთან.)

წელს ასევე მოეწყო ბავშვთა ნახატების ფოტო გამოფენა, შემეცნებითი ფილმის ჩვენება ელისო ფურელიანის პროექტით და სვანური ენის  პროპაგანდისთვის  საბავშვო ვიქტორინა მარიამ ქურასბედიანის ხელმძღვანელობით.

ყოველწლიურად ვირჩევთ საპატიო ხოფურელს, 2022 წლის გმირები არიან ქალბატონები: გულნაზი ქურასბედიანი და ნანა ბიწაძე,

2018 წელს ავირჩიეთ – ზურაბ ქურასბედიანი და ტატა მუსელიანი,

2019 წელს – გოგილო ლიპარტელიანი და ბესო ლიპარტელიანი.

წინა წლებში ყველაფერს საკუთარი სახსრებით ვაწყობდი, წელს ძმები და მეგობრები დამეხმარენ ფინანსურად.  ყოველწლიურად სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულ ბავშვებს ვაჯილდოებ სამახსოვრო სიგელებით და სუვენირებით, საღამოებზე ვუმასპინძლდები ტკბილეულით. ფესტივალი იხურება ულამაზესი ფოიერვერკით.

ყოველივე ამის განხორციელებაში მეხმარებოდნენ ჩემი მეგობრები და ახლობლები, წელს კი მყავს ძლიერი გუნდი, რომლის წევრებიც არიან: გოჩა ქარდავა, ჰამლეტი მუსელიანი, შორენა ქურასბედიანი, ელისო ფურელიანი, გიორგი ფურელიანი, მარიამ ქურასბედიანი,  სოფია ქურასბედიანი, თამარი გაბიძაშვილი, ქეთევან გაბიძაშვილი, გურანდა ქარდავა, გიორგი ლიპარტელიანი.

უღრმესი მადლობა მინდა ვუთხრა ქალბატონ ქრისტინე რევიშვილ-ონიანს, რომელიც დაინტერესდა და ჩვენთან იყო პირველ დღეს და რაც შეეძლო ყველაფერი გააკეთა ჩვენთვის, ასევე განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა ხოფურის ლაშა ქურასბედიანის სახელობის საჯარო სკოლის დირექტორს შორენა ქურასბედიანს, რომელიც ყველანაირად გვერდში მიდგას ფესტივალის კარგად ჩასატარებლად, მადლობა ლენტეხის მერიას ტექნიკური ინვენტარით დახმარებისთვის და მადლობა ჩემ ხოფურლებს, რომელთაც რეალობად აქციეს ყველა ჩემი ჩანაფიქრი და ოცნება, მადლობა თქვენ ჩემო ხოფურლებო, თბილებო და უმაგრესებო, მადლობა ყველას დიდსა თუ პატარას ამ ერთობისათვის!!!

უანგარო სიკეთე და სიყვარული გადამდებია, იმედია ჩემს ამ წამოწყებას მოიწონებენ, სხვაც გადაიღებს და ახალ სიცოცხლეს შეიძენს ჩვენი ლამაზი სვანეთი.

მადლობა დაინტერესებისთვის…

 სვანეთზე და ხოფურზე უზომოდ შეყვარებული ნინო გაბიძაშვილი“


ფოტოს ავტორი: ნატო გელაშვილი
ფოტოს ავტორი: ნატო გელაშვილი
ფოტოს ავტორი: ნატო გელაშვილი
დომინოში გამარჯვებულები დავით მუსელიანი და ლევანი კვასტიანი , ფოტოს ავტორი – ნატო გელაშვილი
შაშის შეჯიბრში გამარჯვებულ გიორგი აფაქიძეს პრიზს გადასცემს გია ონიანი , ფოტოს ავტორი: ნატო გელაშვილი