კოხინჯრობა – საეკლესიო თუ საერო დღესასწაული ?

სვანეთში უძველესი დროიდან აღინიშნებოდა კოხინჯრობა, რომელსაც მოსახლეობის ნაწილი დღესაც ზეიმობს. წინაპრების გადმოცემით, კოხინჯრობის რიტუალის ჩატარებით მოსახლეობა ძლიერ სეტყვას, ე.წ. კოხს გადაურჩება და მისი შრომაც დაფასდება – მოსავალი არ განადგურდება. ადგილობრივი მკვიდრების  ნაწილი თვლის, რომ წინაპრების მიერ დანატოვარი ამ რიტუალის შესრულებით, დღესაც შესაძლებელია მოსავლის გადარჩენა სტიქიური უბედურებისგან. ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ეს არის ცრურწმენა და ლოცვა ამინდის მოსაყვანად მხოლოდ ეკლესიაშია მიღებული. “svanetiinfo.ge” საეკლესიო პირების აზრითაც დაინტერესდა.

ქვემო სვანეთის მკვიდრი ტარიელ ონიანი მიიჩნევს, რომ  კოხინჯრობა რელიგიური დღესასწაულია, რომელიც წინაპრებისგან მოდის და ყველა შემდგომი თაობა ვალდებულია, დაიცვას ის:
“- ეს არის ღვთის დღე, ამ დღეს დასვენება აუცილებელია, უნდა ილოცო და უნდა ითხოვო კარგი ამინდი, რომ შრომა წყალში არ ჩაგეყაროს და კოხი არ მოვიდეს.  ჩვენს ბავშვობაში ყოველ წელს ამ დღეს ხალხი თავს იყრიდა, სუფრას შლიდა, ლოცულობდა. თუ ვინმე ამას არ დაიცავდა და რომელიმე უბნის წარმომადგენელი არ დაისვენებდა, არ ილოცებდა, მთელი უბანი ისეტყვებოდა.  ჩვენ ვალდებულად ვთვლით თავს, რომ დავიცვათ ეს წესი და ჩვენს შვილებსაც ვასწავლოთ მისი დაცვა. მართალია სამღვდელოება კრძალავს, მაგრამ მასზე ზევით ერი და ქვეყანა დგას. მღვდელი ერთია, მრევლი – მრავალი.”

– უმრავლესობა ფიქრობს, რომ ეს ცრურწმენაა…

– თუ არ სწამთ, რატომ ისვენებენ? ვინც არ დაისვენებს, მის კისერზე იქნება ეს ცოდვა. ასე მოდის ოდითგან, ყველაფერი ხომ  ღვთის მიერაა. ეს არ მოდის წინააღმდეგობასთან რელიგიასთან. ჩვენ პატივს ვცემთ რწმენას. სანამ კაცობრიობა იქნება, ეს დღესასწაულიც აღინიშნება. ვინც ფიზიკურად მუშაობს, იმან უნდა ილოცოს კიდეც, იმას უშლის, თორემ გონებრივად მომუშავეს რაში სჭირდება კოხინჯრობა? კოხი ერთი თვე რომ გაგრძელდეს, წიგნს არ დაასველებს. ასე მოვდივარ მე, ასე მიხსნიდნენ ჩემი უფროსები. იკოხება ის უბანი, ვინც არ დაიცავს…”

უხუცესი ლილი ონიანი თვლის, რომ კოხინჯრობა იყო ძველად:

“ახლა ეკლესიაში უნდა წავიდეთ და იქ ვილოცოთ. ეკლესია ამას კრძალავს, სადაც დაწესებულია ლოცვა სამღვდელოების მიერ, იქ უნდა ვილოცოთ. ადრე ისე იყო, დღეს – ასეა,”- ამბობს ლამარა ბებო.

იხილეთ ვიდეო:

გიორგი ონიანი კი ამბობს, რომ წინაპრების მიერ დაწესებული ეს დღესასწაული საეროა და საეკლესიო რიტუალთან არაფერი აქვს საერთო: “ვიცი, რომ წინაპრების შემოღებულია კოხინჯრობა და ისინი ლოცულობდნენ ამინდზე, რომ კარგი ყოფილიყო. ეს დღესასწაული მოძრავია და  ხალხის მიერაა შექმნილი. მას არაფერი აქვს საერთო ქრისტიანობასთან. ეს დღე მაშინ დაწესდა, როცა არც ეკლესია იყო და არც მღვდელი. ხალხმა ამინდის სათხოვნელად ლოცვა ერთ დღეს დააწესა. ეკლესია დღეს ამ დღესასწაულს არ ცნობს და არც აღიარებს”.

‘svanetiinfo.ge”  ამ საკითხთნ დაკავშირებით სამღვდელოების წარმომადგენელს, სასაშის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის წინამძღვარს, დეკანოზ გიორგის (ონიანი) ესაუბრა:

“- კოხინჯრობა ქრისტიანული დღესასწაული არ არის, ეს ხალხის მიერ დაწესდა და, შესაბამისად, ხალხური ტრადიციაა. არამარტო სვანეთში, საქართველოს სხვა კუთხეებშიც აღინიშნება ეს დღე სხვადასხვა დროს. ცხადია,  მას არანაირი კავშირი არა აქვს ქრისტიანულ დღესასწაულებთან. მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ დაწესებული დღესასწაულები კალენდარშიც არის აღნიშნული, მაგრამ იქ ვერ ნახავთ კოხინჯრობას. ადამიანები იკრიბებიან ამ დღეს, კლავენ საკლავს, მიდის სმა-ჭამა, ქეიფი, მსგავს ქმედებას არანაირი კავშირი არ აქვს რელიგიასთან. წინაპრების გადმოცემით, თუ ამ დღეს არ იმუშავებენ და უფალს შესთხოვენ, კარგი ამინდი მოგვეციო, რწმენა აქვთ, რომ მართლაც კარგი დარი იქნება მოსავლისთვის, მაგრამ ეს ნამდვილად არ არის ასე.

ძველი აღთქმიდან ვიცით ასეთი ეპიზოდი: ისრაელში სამწელიწადნახევარი წვიმა არ მოდიოდა და მოსავალიც ვერ მოჰყავდათ. უდიდესი წმინდანის, ილია წინასწარმეტყველის ლოცვით მოვიდა წვიმა. სწორედ აქედან გამომდინარეობს, რომ ამინდის სათხოვნელად ილია წინასწარმეტყველის პარაკლისის გადახდაა მიღებული, რომ შევსთხოვოთ ამ დიდ წმინდანს, მოგვივლინოს ისეთი ამინდი, როგორიც ადამიანებს სჭირდება.

როცა საკლავი იკვლება, მიდის სმა-ჭამა, ღრეობა, თვრებიან, ეს შორს არის რელიგიური რწმენისგან, ერთადერთი მსხვერპლი, რასაც უფალი ჩვენგან ითხოვს, ესაა – “მსხვერპლი ღმრთისა არს სული შემუსვრილი, გული შემუსვრილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხყოს”(50-ე ფსალმუნი). სტიქიური უბედურებები, ბუნებრივი კატაკლიზმები, რაც ჩვენს ირგვლივ, სამყაროში ხდება, ჩვენი ცოდვების ბრალია. რაც მეტ სულიერ დეგრადაციას განიცდის ადმიანი, მით მეტი უბედურებები ხდება. ადამიანის მიერ ჩადენილი ცოდვა მოქმედებს ბუნებაზე და რისხვად მოგვევლინება სწორედ ჩვენი ცოდვების გამო. ჩვენ თუ გვინდა ნორმალური ცხოვრება, ამისთვის საკლავის კვლა, ღრეობები კი არა, ქრისტიანულად ცხოვრება, ლოცვა და მარხვაა საჭირო. ეს არის ყველაზე დიდი შესაწირავი ღვთისთვის!”

თამარ ონიანი, სოფ. სასაში.