10 ნოემბერიდან სვანეთის ისტორიის და ეთნოგრაფიის მუზეუმში (მესტიაში) მოეწყო იტალიელი მოგზაურის, მეცნიერის და ფოტოგრაფის ვიტორიო სელას ფოტო გამოფენა.
ვიტორიო სელა ერთ-ერთი პირველთაგანი იყო უცხოელებს შორის, რომელმაც პირველმა აღბეჭდა ფირზე სვანეთის ლანდშაფტები, მწვერვალები, კულტურული და რელიგიური ძეგლები და ხალხური რელიგიური დღესასწაულები.
ვიტორიო სელას ფოტომასალა, კავკასიური ექსპედიციების 800-მდე ნეგატივი, წერილები და დღიურები დაცულია სელას ფონდში იტალიის ქალაქ ბიელლაში და ალპური ფოტოგრაფიის ინსტიტუტში ტურინში.
გამოფენაზე წარმოდგენილი ფოტოსურათები საქართველოს ეროვნულ მუზეუმს იტალიის საელჩოს მხარდაჭერით გადასცა სელას ფონდმა.
სვანეთის ისტორიის და ეთნოგრაფიის მუზეუმი დაარსდა 1936 წელს. მისი დამაარსებელი გახლდათ ადგილობრივი მკვიდრი, პროფესიით ეთნოგრაფი ეგნატე გაბლიანი. 2011-2012 წლებში მოხდა მუზეუმის რეაბილიტაცია,იგი გაკეთდა ევროპის საუკეთესო,თანამედროვე მუზეუმების მაგალითზე და არის ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე სტანდარტების მუზეუმი. იგი მოიცავს ექვს მუდმივ მოქმედ საექსპოზიციო და ერთ დროებით საგამოფენო სივრცეს. აქ დაცული კოლექციები მრავალფეროვნებით გამოირჩევა.
გასულ წელს ევროპის მუზეუმების ფორუმმა სვანეთის ისტორიის და ეთნოგრაფიის მუზეუმი ევროპის წლის საუკეთესო მუზეუმის ნომინანტად დაასახელა. ნომინაციაში მონაწილეობას იღებდა ევროპის ქვეყნების ორმოცი საუკეთესო მუზეუმი. სვანეთის მუზეუმმა აიღო ევროპის სპეციალური სერთიფიკატი საზოგადოებრივი აქტივობებისთვის. მუზეუმს აქვს, აგრეთვე საკონფერეციო დარბაზი და საგანმანათლებლო ცენტრი. დარბაზში ტარდება საერთაშორისო დონის კონფერენციები, შეხვედრები, საღამოები. მიმდინარე წელს დროებით საგამოფენო სივრცეში მოეწყო თანამედროვე ქართველი მხატვრების გია გუგუშვილის და ქეთი მაკაბელის გამოფენა.
მადონა წერედიანი, მესტია