20 იანვარს დაბა ლენტეხში პირველ საჯარო სკოლაში ჩატარდა ინტელექტუალური თამაშის “ეტალონი“-ს ნახევარფინალი, რომელსაც გაუძღვა ამ პროექტის ერთ-ერთი ორგანიზატორი გოჩა ტყეშელაშვილი.
ამ ეტაპამდე ლენტეხის მუნიციპალიტეტის სკოლებში ჩატარდა პირველი ტური, რომელშიც გაიმარჯვა 59-მა მოსწავლემ. მათ გადაეცათ სიგელები და ასევე მიეცათ ნახევარფინალში მონაწილეობის უფლება.
ნახევარფინალში “ეტალონი მოსწავლის” ტიტულს ლენტეხის N1 სკოლის მე-8 კლასის მოსწავლე ლაშა ჩანქსელიანი დაეუფლა (67 ქულა).
ის მონაწილეობას მიიღებს ფინალურ თამაშში 70 რეგიონიდან წარმოდგენილ ფინალისტებთან ერთად, რომელიც თბილისში ივნისში გაიმართება.
გთავაზობთ ნახევარფინალში გამოვლენილი ყველაზე მაღალქულიანი 9 მოსწავლის რეიტინგს:
მე-9 ადგილი – ლენტეხის N1 სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე სალომე ლიპარტელიანი (60 ქულა).
მე-8 ადგილზე გავიდა ხოფურის სკოლის მე-8 კლასის მოსწავლე გიორგი მეშველიანი (61 ქულა).
მე-7 ადგილზე გავიდა ლენტეხის N1 სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე ელენე ჩანქსელიანი (61 ქულა).
მე-6 ადგილზე გავიდა ჩოლურის სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე ნატო მუკბანიანი (62 ქულა).
მე-5 ადგილზე გავიდა ხელედის სკოლის მე-8 კლასის მოსწავლე ნინო ბენდელიანი (62 ქულა).
მე-4 ადგილზე გავიდა ჩოლურის სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე ბესიკი მუკბანიანი (63 ქულა).
მე-3 ადგილზე გავიდა სასაშის სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე ქეთევან ონიანი (64 ქულა).
მე-2 ადგილზე გავიდა რცხმელურის სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე დავით ტვილდიანი (66 ქულა).
ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ბატონმა ამირან ჯამბურიძემ გასული წლის ლენტეხის წარმატება ეტალონში (მესამე საპრიზო ადგილი, რომელიც მოიპოვა გაგა გვიჭიანმა) კიდევ ერთხელ მიულოცა მოსახლეობას და შედეგის გაუმჯობესება უსურვა.
ცოდნა ნამდვილად ფულიაო, აღნიშნა განათლების სამინისტროს ლენტეხის რესურს-ცენტრის უფროსმა ბადრი ქარდავამ, წამყვანის მიერ დასახელებულ ფულად ჯილდოებთან დაკავშირებით და მოსწავლეებს გააქტიურებისკენ მოუწოდა. თავისი აღფრთოვანება და სიხარული გამოხატა ამ პროექტის მიმართ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ გრიგოლ ლილუაშვილმა, რომელიც ლენტეხში ჩატარებული ინტელექტუალური თამაშის საპატიო სტუმარი გახლდათ. ინტელექტუალური თამაში ხალხური სიმღერებით გაალამაზა ვაჟთა გუნდმა “ლემშვანიერა“-მ (ხელმძღვანელი ზურა ლიპარტელიანი).
თამაშის ბოლოს სტუმრებმა და მონაწილეებმა სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.
გვანცა ქურასბედიანი, ლენტეხი.