ორგანიზაციის “მოქალაქე” (თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი) და გამოცდების ეროვნული ცენტრის ერთობლივი პროექტის “სტუდენტები თვითმმართველობისათვის ” მონაწილენი ნანული გოფოძე, ნატო ბერიძე და თამთა ორჯონიკიძე რამდენიმე დღეა ქვემო სვანეთის მოსახლეობას ხვდებიან.
ნანული გოფოძე და თამთა ორჯონიკიძე გუშინ ლენტეხის საკრებულოს სხდომასაც დაესწრენ, ჩვენ ისინი იქ გავიცანით და გავესაუბრეთ:
როგორც ჩვენთან საუბარში თამთა ორჯონიკიძემ განაცხადა მათმა გუნდმა სოფელი წანაში ამოირჩია როგორც ტიპური დასახლება, ხოლო ხელედი – მოსახლეობასთან გასაუბრების შემდეგ, როგორც ტურისტულად პერსპექტიული დასახლება.
ამ პროექტის ფარგლებში სტუდენტების გუნდებმა უნდა დაიმატონ 3 ადგილობრივი ახალგაზრდა. სვანეთში ჩამოსული სტუდენტები გუშინვე გაესაუბრენ ექვს ახალგაზრდას და მათგან სამი ამოირჩიეს თავიანთ გუნდში დასამატებლად. ესენი არიან: ბესარიონ ჩანქსელიანი – ლენტეხის გამგეობას დაქვემდებარებული ა.(ა).ი.პ. “ტურიზმის განვითარების ცენტრი ლაილა”-ს დირექტორი, დაბა ლენტეხის მკვიდრი; ალექსანდრე ბენდელიანი – ა.(ა).ი.პ. “ლენტეხის მუნიციპალიტეტის კულტურის დაწესებულებათა გაერთიანების” იურისტი, სოფ. ხელედის მკვიდრი და ანა ლიპარტელიანი – სოფ. წანაშის მკვიდრი. ახლაგაზრდების შერჩევის კრიტერიუმები იყო შემდეგი: ასაკი 18 წელზე ზემოთ, აქტიურობა, დასახლების პრობლემებით დაინტერესებულობა, თავისუფალი დრო პროექტში მონაწილეობისათვის და დახმარების შესაძლებლობა შემდგომში არჩეული დასახლების საერთო კრების ჩატარებაში.
დღეს სტუდენტები სოფ. წანაშში გაემგზავრენ, იქ შეხვდებიან მოსახლეობას, ჩაატარებენ გამოკითხვას კარდაკარის პრინციპით და წანაშშივე დარჩებიან, ხოლო ხვალ სოფ. ხელედის მოსახლეობას შეხვდებიან.
ეს პროექტი 2014 წლიდან მიმდინარეობს და როგორც გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზეა აღნიშნული, მას აქვს შემდეგი მიზნები:
ადგილობრივი ახალგაზრდების გააქტიურება და რეგიონებში “სამოქალაქო ლიდერების” ფორმირების პროცესის ხელშეწყობა, რეალური თვითმმართველობის განხორციელების მხარდაჭერა;
ახალგაზრდების ჩართვა სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პროცესში, ადგილობრივი დემოკრატიის გაძლიერება, თვითმმართველობის იდეის პოპულარიზაცია ახალგაზრდებში;
საზოგადოებრივ პროცესებში სტუდენტების თანამონაწილეობის მნიშვნელობის გაზრდა და მოქალაქეობრივი მოვალეობებისა თუ როლის გაცნობიერების ხელშეწყობა;
თვითმმართველობის საკითხებში ახალგაზრდა პროფესიონალების მომზადებისა და ჩართულობის ხელშეწყობით ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების მხარდაჭერა;
სტუდენტთა გუნდების შერჩევა კონკურსებით მიმდინარეობს, რომელთაც გამოცდები ეროვნული ცენტრი ატარებს, რის შემდეგაც სტუდენტებს ტრენინგები უტარდებათ.
წარმატებული გუნდებისათვის ორგანიზაცია “მოქალაქე” სასწავლო ტურს აწყობს განვითარებული თვითმმართველობის მქონე რომელიმე ევროპულ ქვეყანაში.
ცოტნე მუსელიანი, დაბა ლენტეხი