მიმდინარე წლის 23 თებერვალს დაბა ლენტეხში, გამგეობის შენობის საკონფერენციო დარბაზში, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ ჩაატარა საგანგებო სიტუაციებისას საოჯახო გეგმის შედგენის ტრენინგი.
ტრენინგს ესწრებოდნენ ხოფურის, რცხმელურის, ხელედის, ლენტეხის N1 და N2 საჯარო სკოლების მასწავლებლები. ტრენინგი ჩატარდა პროექტის “უსაფრთხო ადგილობრივი თემების ჩამოყალიბება საქართველოსა და სომხეთში” ფარგლებში და მისი მიზანი იყო მასწავლებელთა გადამზადება საგანგებო სიტუაციების დროს საოჯახო გეგმის შესამუშავებლად.
როგორც ჩვენთან საუბარში საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების სათაო ოფისის წარმომადგენელმა თამუნა კამკამიძემ განაცხადა მასწავლებლებმა თავიანთ მოსწავლეებს უნდა გადასცენ ტრენინგზე მიღებული ცოდნა, თუ როგორ უნდა შეიმუშაონ ოჯახის წევრებთან და ნათესავებთან ერთად საგანგებო სიტუაციების დროს სამოქმედო საოჯახო გეგმა. ამის შემდეგ მოსწავლეებმა თავიანთ ოჯახის წევრებთან ან ნათესავებთან ერთად უნდა დაწერონ ასეთი სამოქმედო გეგმა და მონაწილეობა მიიღონ კონკურსში. აქტიურ მასწავლებლებს გადაეცემათ სიგელები, ხოლო საუკეთესო გეგმის ავტორ მოსწავლეს კი გადაეცემა საჩუქარი უკვე დაგეგმილ შეხვედრაზე, რომელიც გაიმართება აპრილში დაბა ლენტეხში.
გვანცა ქურასბედიანი, დაბა ლენტეხი.