30 დეკემბერს ლენტეხის №2 საჯარო სკოლაში (დირექტორი ციცინო მუსელიანი) დიდი საახალწლო ღონისძიება ჩატარდა. ზეიმში სკოლის ყველა კლასმა მიიღო მონაწილეობა. მოსწავლეებმა წარმოადგინეს მეტად სახალისო სკეტჩი საახალწლო თემაზე, ცეკვები, ლექსები და სიმღერები.
ზეიმი ამავე სკოლის პედ-კოლექტივის ხელმძღვანელობითა და ორგანიზატორობით ჩატარდა.
საახალწლო საზეიმო ღონისძიებები რამდენიმე წელია №2 საჯარო სკოლაში უკვე ტრადიციად იქცა. ასევე ტრადიციად დამკვიდრდა ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტის სტეფანეს (კალაიჯიშვილი) მიერ მოსწავლეების დასაჩუქრება და მათი დალოცვა. მან ბავშვებს შობა-ახალი წელი მიულოცა, ქრისტეშობის დღესასწაულის მნიშვნელობაზე ესაუბრა და გადასცა საჩუქრები ტკბილეულის და სათამაშოების სახით.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გაზდელიანი და ლენტეხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ბადრი ქარდავა. მათაც მიმართეს ბავშვებს და დამსწრე საზოგადოებას და ახალი წელი მიულოცეს. მეუფე სტეფანეს თან ახლდა და ზეიმს დაესწრო ახლახანს მღვდლად ხელდასხმული მამა გიორგი (ვაშაკიძე).
ფოტოზე: საკრებულოს თავმჯდომარე გ. გაზდელიანი ახალ წელს ულოცავს ბავშვებს
გვანცა ქურასბედიანი, დაბა ლენტეხი.