13 და 14 ოქტომბერს ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფლების ხელედის, წანაშის და რცხმელურის მაცხოვრებლებს საქართველოს სხვადასხვა მედია–ორგანიზაციების ჟურნალისტები შეხვდნენ. ჟურნალისტები ქვემო სვანეთს 12 ოქტომბერს ესტუმრნენ პროექტის “ლენტეხის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის მიერ რეგიონის განვითარების სტრატეგიული მიზნების შესაბამისი ამოცანების შესრულების მონიტორინგი” ფარგლებში.
ეს პროექტი ხორციელდება კონსორციუმის მიერ, რომელშიც გაერთიანებულია ორი საზოგადოებრივი ორგანიზაცია – “კავკასიის ჟურნალისტთა ცენტრი” (ხელმძღვანელი თინათინ დვალიშვილი) და “საქართველოს მთიანი რეგიონების განვითარების კავშირი”.
ამ პროექტის ფარგლებში ჟურნალისტები ზაფხულშიც იმყოფებოდნენ სვანეთში, შეხვდნენ სოფ. სასაშის მოსახლეობას და ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებს. შემდეგ კი სხვადასხვა მედია-გამოცემებში გამოაქვეყნეს მასალები ქვემო სვანეთში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით. პროექტის მიხედვით ჟურნალისტების შეხვედრა დაგეგმილი იყო მხოლოდ სასაშის, ხელედის და რცხმელურის მოსახლეობასთან, მაგრამ სოფ. წანაშის მოსახლეობამ იმდენად იაქტიურა, რომ ჟურნალისტები მათაც შეხვდნენ, მოისმინეს და ჩაიწერეს მათი პრობლემები.
შეხვედრებზე ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მოსახლეობას მოკლედ გააცნეს დოკუმენტში “რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021 წლებისთვის“ ასახული რეგიონის განვითარების პრიორიტეტული მიზნები და რომელშიც საუბარია იმაზე, რომ რეგიონის მუნიციპალიტეტების თვითმმართველობებს უნდა ეზრუნათ და 2021 წლისათვის უნდა იზრუნონ ტურისტული ინდუსტრიის მრავალმხრივი განვითარებისათვის, სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისათვის, მრეწველობის განვითარებისათვის, განათლების, კულტურის და სპორტის განვითარებისათვის, გარემოსდაცვითი საქმიანობის გაუმჯობესებისათვის, უცხოური ინვესტიციების მოზიდვისათვის, ბუნებრივი რესურსების ეფექტიანი მართვა-გამოყებნებისათვის, კომუნალური და სხვა საზოგადოებრივი მომსახურების მოწესრიგებისათვის, ჯანდაცვის და სოციალური უზრუნველყოფის ქმედითი სისტემის ჩამოყალიბებისათვის, საბაზისო ინფრასტრუქტურის და მშენებლობის განვითარებისათვის, მედიისა და სამოქალაქო სექტორის განვითარებისათვის და გენდერული უთანასწორობის შემცირებისათვის, ხელისუფლების შესაძლებლობების განვითარებისათვის (რის ერთერთ ამოცანად დასახელებულია სოფლებსა და დაბებში თანამედროვე ტიპის სერვისცენტრების შექმნის ხელშეწყობა, რომლებიც უზრუნველყოფს მოსახლეობისთვის საზოგადოებრივი მომსახურებების გაწევას, ხელს შეუწყობს მოსახლეობის ჩართვას მუნიციპალიტეტების მიერ გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში და შეასრულებს დასახლების კულტურული ცენტრის ფუნქციას ) და რეგიონის ბრენდის შექმნისათვის.
პროექტის ერთერთი მიზანია საქართველოს სხვადასხვა მედია–ორგანიზაციების დაინტერესება ქვემო სვანეთში არსებული პრობლემატიკით, ლენტეხის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის მიერ რეგიონის განვითარების სტრატეგიის მიზნების შესაბამისი ამოცანების განხორცილების მონიტორინგი და შედეგების გაცნობა საზოგადოებისათვის.
ეს პროექტი ხორციელდება საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მხარდაჭერით, პროექტ „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის” (2017 -2020) ფარგლებში. პროექტს „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის ხელმძღვანელობით. კონსორციუმში ასევე შედის ოთხი ქართული ორგანიზაცია: სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი,განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი. ეს პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობის სამინისტროს მიერ. პროგრამა მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების გარემოს გაუმჯობესებას, გააძლიეროს საზოგადოებრივი ორგანიზაციები, გაზარდოს მათი ანგარიშვალდებულება მოქალაქეების მიმართ და განამტკიცოს კავშირები სხვა აქტორებთან.
პროექტის ფარგლებში 45 თვის განმავლობაში განხორციელდება 110-ზე მეტი აქტივობა, გაიცემა 79 გრანტი, რომლითაც ისარგებლებს საზოგადოების სულ მცირე 5000 წარმომადგენელი მთელი საქართველოს მასშტაბით. პროგრამის მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 5.07 მილიონ ევროს (ევროკავშირის თანამონაწილეობა 3.8 მილიონი ევრო)
ცოტნე მუსელიანი.