ქვემო სვანეთის სოფ. თეკალში მდებარე ჩოლურის საჯარო სკოლის ეზოში საოცარ სანახაობას ნახავთ: ელ. სადენების დამჭერი ძველისძველი ბოძები ერთმანეთს არიან მიყრდნობილი ურთიერთგასამაგრებლად. ენერგო-ინფრასტრუქტურის ეს “თანამედროვე” ნაგებობა 2017 წელს შექმნეს ჩვენმა ენერგეტიკოსებმა, მას შემდეგ რაც ჩოლურის თემში, მდინარე ცხენისწყლისა და მდინარე მუხრას შესართავთან მდებარე მაღალი ძაბვის სადენების გადამცემ ბოძს მათივე უყურადღებობის გამო ადიდებულმა მდინარე მუხრამ მიწა გამოაცალა, რის შედეგადაც ჩოლურის თემის 10-მდე სოფელს ელექტროენერგია რამდენიმე დღე არ მიეწოდებოდა.
იმ ელექტროგადამცემ ბოძს მდინარე მუხრა მრავალი წლის მანძილზე უთხრიდა საძირკველს, რასაც ბუნებრივია მოსახლეობაც ამჩნევდა და ენერგეტიკის სამინისტროსაც მიმართეს, მაგრამ ამაოდ.
სწორედ იმ ბოძის წაქცევის შემდეგ გაიყვანეს ელ. ენერგიის სადენები ჩოლურის საჯარო სკოლის ეზოში, სადაც ბავშვები და პედაგოგები მოძრაობენ. ელექტრო ენერგიის ბოძები ავარიულ მდგომარეობაშია, რის გამოც როგორც მოსწავლეები ასევე პედაგოგები საფრთხეში არიან. ამ ელ. სადენებით ენერგია სოფლებს: ჭველიერს, ბულეშს, მუწდის და საყდარს მიეწოდება.
იმედია სკოლის ეზოში მდებარე “შესანიშნავ სამეულს” დროულად მიაქცევენ ყურადღებას ჩვენი “ბეჯითი” ენერგეტიკოსები და ისევ ავარიულ გამორთვას ან რაიმე უბედურ შემთხვევას არ დაელოდებიან.
2019 წლამდე, რამდენიმე წლის განმავლობაში, ჩოლურის თემის სოფ. ჭველიერში მდებარე ელექტრო-ქვესადგური დაუცველად იმყოფებოდა, არ იყო შეღობილი. ნებისმიერ პიროვნებას ჰქონდა შესაძლებლობა ქვესადგურს მიახლოებოდა და დაუდევრობის გამო დაღუპულიყო.
საბედნიეროდ, მიმდინარე წლის მარტში ენერგეტიკოსების მიერ ჩატარდა სამუშაოები, რის შედეგადაც ქვესადგურის ირგვლივ დამაგრდა რკინის უსაფრთხო, დამცავი ბადე (იხ. ფოტო).
მირანგულა მუკბანიანი, სოფ. ჭველიერი.
ცოტნე მუსელიანი.