24 ოქტომბერს, სოფ. ხოფურის საჯარო სკოლის სტადიონზე ჩატარდა ამავე სოფლის მკვიდრის გაგა ქარდავას ხსოვნისადმი მიძღვნილი შეჯიბრი ფრენბურთში და გათამაშდა გაგას სახელობის გარდამავალი თასი, რომელიც ოჯახმა ორი წლის წინ დააწესა.
შეჯიბრში მონაწილეობა მიიღეს ლენტეხის #1 საჯარო სკოლის და სოფლების – ხოფურის, ჩოლურის, ნანარის, შკედის, ჩიხარეშის გუნდებმა. სპორტული შეჯიბრი უკვე მეორედ ჩიხარეშის გუნდმა მოიგო და გამარჯვებულებს თასი გაგა ქარდავას ძმისშვილმა, 2 წლის მარიამმა გადასცა. შეჯიბრზე მსაჯები იყვნენ – ელდარ ქურასბედიანი და გოჩა ქარდავა. აღნიშნული გათამაშება მეორე წელია რაც ტარდება გაგა ქარდავას ოჯახის წევრების ორგანიზებით. ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა იზრუნეს ე.წ. “მეორე განყოფილებისთვისაც”, რომელზეც შეჯიბრის მონაწილეებს და დამსწრე საზოგადოებას საშუალება ჰქონდათ გაეხსენებინათ, აღენიშნათ და მომავალი თაობისთვის მოეთხროთ გაგა ქარდავას პიროვნული თვისებების შესახებ.
წელს, აღნიშნული შეჯიბრი გაგას იუბილეს დაემთხვა. ის 33 წლის გახდებოდა.
გვანცა ქურასბედიანი.