17 იანვარს სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა (CSI) კონკურსში „ჟურნალისტები სოციალური ცვლილებებისთვის“ 2019 წლის გამარჯვებულები გამოავლინა და რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში გამარჯვებულის პრიზი მარინე სვანიძეს გადაეცა. მარინე სვანიძე kvira.ge-ს რეგიონული კორესპონდენტია, ასევე 2014 წლის დეკემბრიდან დღემდე მუშაობს ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის (2017 წ.-მდე გამგეობის) დაქვემდებარებაში არსებული ა.ა ი.პ.-ის “ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის ცენტრი“-ს დირექტორის თანამდებობაზე. 2012 წლიდან 2015 წლამდე მარინე სვანიძე იყო ტელეკომპანია მეცხრე არხისა და საინფორმაციო სააგენტო “ინფო 9“-ს რეგიონული ჟურნალისტი.
ორგანიზატორების განცხადებით, კონკურსი “ჟურნალისტები სოციალური ცვლილებებისთვის“ კამპანიის “ეს ქვეყანა შენიას“ ნაწილია და მისი მიზანია გამოავლინოს ჟურნალისტები საქართველოს მასშტაბით, რომლებიც რეგულარულად და კომპეტენტურად აშუქებდნენ სამოქალაქო საზოგადოების წინაშე არსებულ გამოწვევებს და განვითარების შესაძლებლობებს.
საქართველო რეგიონებში მომუშავე საზოგადოებრივ ორგანიზაციებს საშუალება ჰქონდათ შეერჩიათ თავიანთ რეგიონში მომუშავე საუკეთესო ჟურნალისტი და ასევე დაესახელებინათ ცენტრალური მედიის ერთი წარმომადგენელი.
სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა 17 იანვარს გამარჯვებულები დაასახელა:
გურია – თამთა დოლიძე – ტელეკომპანია “გურია”
აჭარა – ირაკლი ყურუა – გადაცემა ჰეშთეგი, აჭარა TV
იმერეთი – თამუნა ქავთარაძე, მეგა TV
კახეთი – მარიამ მეგრელიშვილი – TV ,,თანამგზავრი”
სამეგრელო-ზემო სვანეთი – ნანა ხუბუტია, live press
სამცხე – ჯავახეთი – რუსუდან გვარამაძე TV9
ქვემო ქართლი – ეკატერინე ერაძე, მარნეული TV
შიდა ქართლი – ნინო ჩიბჩიური, სათემო რადიო „მოზაიკა“
რაჭა–ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – მარინე სვანიძე, kvira.ge
ცენტრალური მედია – მიხეილ სესიაშვილი, მთავარი არხი,
CSI-ის სპეციალური პრიზი გადაეცა – ნეტგაზეთ-ს.
სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის განცხადებით ეს კონკურსი არის კარგი შესაძლებლობა საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის, გამოხატონ მადლიერება და წაახალისონ მედიის ის წარმომადგენლები, რომლებიც სამოქალაქო საზოგადოების ცხოვრებას და საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობას აქტიურად აშუქებენ.
კამპანია „ეს ქვეყანა შენია“ ემსახურება საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას, სამოქალაქო ღირებულებების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობის პოპულარიზაციასა და სამოქალაქო აქტივიზმის ხელშეწყობას.
2018 წელს კონკურსის “ჟურნალისტები სოციალური ცვლილებებისთვის“ გამარჯვებული რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში svanetiinfo.ge-ს ჟურნალისტი გახდა.
სამოქალაქო კამპანია „ეს ქვეყანა შენია“ მიმდინარებს „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტთან (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრთან (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან (CSRDG) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) თანამშრომლობით. პროექტს აფინანსებს ევროკავშირი და კონრად ადენაუერის ფონდი.