გუშინ, 8 აპრილს, ქვემო სვანეთის სოფ. ლექსურის მკვიდრს, ახალგაზრდა მამაკაცს – გ.ფ.-ს covid-19-ის ვირუსი დაუდასტურდა. ის გადაყვანილ იქნა თბილისის რეფერალურ ჰოსპიტალში. ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ “საზოგადოებრივი ჯანდაცვა”-ს დირექტორის გოგი (მიხა) ონიანის ინფორმაციით აღნიშნული პიროვნება ქვემო სვანეთში იმყოფებოდა 24 მარტიდან, ხოლო მანამდე ის იყო თბილისში, სადაც კონტაქტი ჰქონდა მის დასთან, რომლის მეუღლეც, ეროვნული ბანკის თანამშრომელი, შემდგომში ვირუსით ინფიცირებული აღმოჩნდა.
ამჟამად გ.ფ.-ს დაც ვირუსით ინფიცირებულია.
თავად გ.ფ.-ს covid-19-თვის დამახასიათებელი სიმპტომი, კონკრეტულად დაბალი სიცხე, აღენიშნებოდა 2 აპრილიდან. ამჟამად მიმდინარეობს იმ პირების დადგენა, რომელთაც ჰქონდათ კონტაქტი ინფიცირებულ პაციენტთან 31 მარტიდან. გოგი ონიანის განცხადებით სწორედ ისინი ითვლებიან ვირუსზე საეჭვო კონტაქტებად. მისივე განცხადებით ჯერჯერობით ასეთი პირები გამოვლენილი არიან ლაშხეთის (გ. ფ.-ს მეუღლე სოფ. მელედან ჰყავს და ის იქაც იმყოფებოდა 31 მარტის შემდეგ) და ჩოლურის თემების სოფლებში, ასევე დაბა ლენტეხში და ქალაქ ცაგერშიც.