ცესკო-ს მიერ გამოქვეყნებული „საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქცია“-ს თანახმად საარჩევნო უბანი კენჭისყრის დღეს დილის 7 სთ-ზე უნდა გაიხსნას, მაგრამ ცაგერის №1 საარჩევნო უბნის კომისიამ ზედმეტი გულმოდგინება გამოიჩინა და 6.55 სთ-ზე უბანზე შესულს იქ უკვე დიდი ფაციფუცი დამხვდა.
ამ საკითხზე სადამკვრივებლო ორგანიზაციის „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“-ს იურისტების მიერ გაკეთებული კომენტარების თანახმად, საარჩევნო უბნის დროზე ადრე გახსნა კანონმდებლობის დარღვევაა, რადგან დამკვირვებელი ორგანიზაციების და მედიის წარმომადგენლები უბანზე 7 სთ-დან იწყებენ მისვლას და როცა მათ უბანი უკვე გახსნილი ხვდებათ, ბუნებრივია, არ ექნებათ საშუალება დაწყებისთანავე დააკვირდნენ საარჩევნო პროცესს.
ამავე უბანზე კომისიის წვრებს და თავმჯდომარეს აშკარად აკლდათ მომზადება საარჩევნო პროცედურულ საკითხებში. უბანზე საკმაოდ დიდი აურზაური იყო და ხმაურით მიმდინარეობდა კამათი კომისიის წევრებს შორის თუ როგორ არის სწორი ესა თუ ის პროცედურა, როგორ უნდა შეივსოს დოკუმენტები და ა.შ. კომისიის ერთერთი წევრმა „თავაზიანად მთხოვა“ 8 სთ-მდე ჩვენ გარკვეული პროცედურები უნდა ჩავატაროთ, თქვენ გარეთ მიბრძანდით და 8 სთ-ზე შემობრძანდითო, ხოლო როცა მე განვაცხადე დამკვირვებელი ვარ მედიიდან და უბანზე ყოფნის უფლება მაქვს-მეთქი, კომისიის მეორე წევრმა განაცხადა მხოლოდ 8 სთ-ის შემდეგ გაქვს უბანზე ყოფნის უფლებაო, რაც სინამდვილეში კანონმდებლობას ეწინააღმდეგება. საბოლოოდ, ისინი, კიდევ კარგი, სხვა საკითხებზე გადაერთვენ და სიტუაცია არ გართულდა.