24 დეკემბერს, საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა (სეოკ) საანგარიშო სესია და 2021 წლის სპორტული შედეგებით საუკეთესოთა დაჯილდოების ცერემონიალი გამართა, სადაც ეთერ ლიპარტელიანი 2021 წლის საუკეთესო სპორტსმენ ქალად აღიარეს.
2021 წელი ნამდვილად წარმატებული იყო ეთერისათვის. მოკლედ გაგაცნობთ მის წლევანდელ მიღწევებს:
18 თებერვალი – თელ ავივის გრანდ-სლემი – ბრინჯაოს მედალი,
26 მარტი – თბილისის გრანდ-სლემი – ვერცხლის მედალი,
16 აპრილი – ევროპის ჩემპიონატი – მე-5 ადგილი,
24 ივლისი – ოლიმპიური თამაშები “ტოკიო 2020” – მე-5 ადგილი,
16 ოქტომბერი – პარიზის გრანდ-სლემი – ბრინჯაოს მედალი.
27 ნოემბერი – ევროპის ჩემიონატი – გუნდური ოქროს მედალი.
ეთერ ლიპარტელიანი ამ მომენტისათვის ძიუდოისტთა მსოფლიო რეიტინგში მე-7 ადგილზეა 57 კგ-მდე წონით კატეგორიაში. ეთერი საქართველოს ძიუდოს ისტორიაში ყველაზე წარმატებული ქალი ძიუდოისტია და წელს მან ყველა დამაჯერებლად დაარწმუნა, რომ მსოფლიოს ერთერთი საუკეთესო ძიუდოისტიც არის.
2021 წლის საუკეთესო მწვრთნელად, ძიუდოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი – ლაშა გუჯეჯიანი დასახელდა
სეოკ-ის ვერსიით საქართველოს 2021 წლის საუკეთესო სპორტსმენებად დასახელდნენ ტოკიო-2020-ის ჩემპიონები – ძიუდოისტი ლაშა ბექაური და ძალოსანი ლაშა ტალახაძე, რომლებმაც სეოკ-ის გან მიიღეს საგანგებო პრიზი, ცნობილი მოქანდაკის ლევან ვარდოსანიძის სკულპტურა – ,,ოლიმპიური ალი”.
ერთი წლით გადავადებული ტოკიოს ოლიმპიური თამაშები წარმატებული გამოდგა საქართველოსათვის – 2 ოქროს, 5 ვერცხლის,1 ბრინჯაოს მედალი და 33-ე ადგილი საერთო გუნდურ ჩათვლაში. ამ მაჩვენებლებით საქართველომ გაუსწრო არაერთ ჩვენზე გაცილებით მრავალრიცხოვან და ეკონომიკურად დაწინაურებულ ქვეყანას, მათ შორის – ჩვენი რეგიონის ქვეყნებს. ამავე დროს, საქართველომ გააუმჯობესა ყველა ადრინდელი შედეგი – ოლიმპიურ თამაშებში დამოუკიდებლად მონაწილეობის მანძილზე ჩვენ პირველად მოვიპოვეთ 8 ოლიმპიური მედალი.
ოლიმპიური ლიცენზიის მოპოვების პროცესში ჩართული იყო 17 სპორტული ფედერაცია. საბოლოოდ, ქართველმა სპორტსმენებმა აიღეს 35 ლიცენზია სპორტის 11 სახეობაში, უშუალოდ თამაშებში კი მონაწილეობა მიიღო 33-მა ჩვენმა ოლიმპიელმა.
ფაქტიურად, ყოველი მეოთხე ჩვენი ოლიმპიელი მედალოსანი გახდა, რაც ერთი-ერთი საუკეთესო შედეგია სხვა ქვეყნების მონაცემებთან შედარებით.
სხვა ნომინაციებში გამარჯვებულებად გამოცხადდნენ:
2021 წელს ქალთა სპორტში დასაქმებული საუკეთესო მწვრთნელი – ლალი დოლიძე-ჯანტეზი (მხატვრული ტანვარჯიში).
საქართველოს 2021 წლის საუკეთესო ფედერაცია – საქართველოს ძალოსნობის ფედერაცია.
2021 წლის აღმოჩენა, ,,ოლიმპიური იმედი\” – ლერი აბულაძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა).
2021 წლის აღმოჩენა ,,,ოლიმპიური იმედი\” – მარიამ ქერდიკაშვილი (კანოე).
საქართველოს 2021 წლის საუკეთესო სპორტსმენი სპორტის ზამთრის სახეობებში – მორის ყვითელაშვილი (ფიგურული ციგურაობა).
საქართველოს 2021 წლის საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენი სპორტის სათამაშო სახეობაში – გიორგი მაგრაქველიძე (წყალბურთი).
საქართველოს ოლიმპიური გუნდის მაღალი დონის სამედიცინო უზრუნველყოფისთვის – საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაცია.
2021 წელს ოლიმპიური სპორტის მხარდაჭერისთვის- სეოკ-ის გენერალური სპონსორი ს/ს ,,საქართველოს ბანკი.\”
ოლიმპიური მოძრაობის მედია-მხარდაჭერისთვის – საქართველოს პირველი არხი
ზაფხულის XXXII ოლიმპიური თამაშების პროფესიონალურად გაშუქებისთვის დაჯილდოვდა სპორტული ჟურნალისტი ლაშა გოდუაძე.
2021 წლის საუკეთესო რეგიონალური ორგანიზაცია – სეოკ-ის იმერეთის რეგიონალური ორგანიზაცია
ოლიმპიურ მოძრაობაში მოპოვებული უნიკალური მიღწევებისთვის სპეციალური ჯილდო გადაეცა ნინო სალუქვაძეს.