10 ივლისს, უნგრეთში გამართულ გრანდ-სლემის საერთაშორისო ტურნირზე ძიუდოში ვარლამ ლიპარტელიანმა ვერცხლის მედალი მოიგო (-100კგ). მის მრავალრიცხოვან ტიტულებთან შედარებით ეს წარმატება თითქოს არაფერია, მაგრამ ამით მან დაამტკიცა, რომ მიუხედავად დიდი შესვენებისა, ისევ შეუძლია ასახელოს სამშობლო.
ალბათ იცით, რომ 2021 წლის ივლისში ოლიმპიადაზე დაკავებული მე-5 ადგილით დამწუხრებულმა ვარლამმა მიიღო ემოციური და ნაჩქარევი გადაწყვეტილება დიდი სპორტიდან წასვლის შესახებ, მაგრამ საბედნიეროდ,
წელს ისევ დაუბრუნდა ძიუდოს და იასპარეზა 2022 წლის 29 აპრილს ევროპის ჩეპიონატზე. ბუნებრივია, 9 თვიანი შესვენება უკვალოდ ვერ ჩაივლიდა და ევროპის ჩემპიონატზე მან მხოლოდ მე-7 ადგილი დაიკავა.
ახლა კი, უნგრეთის გრანდ-სლემზე აღებული ვერცხლის მედლით 33 წლის ვარლამმა ყველას აჩვენა, რომ საკმაოდ კარგ ფორმაშია და ჯერ კიდევ ადრეა დიდი ძიუდოდან წასვლაზე ფიქრი.
უნგრეთის გრანდ-სლემზე ასევე ვერცხლის მედლები მოიპოვეს ლუხუმ ჩხვიმიანმა (-60კგ) და ლაშა შავდათუაშვილმა (-73კგ), ხოლო ბრინჯაოს მედლები – თემურ ნოზაძემ (-60კგ) და ბექა ღვინიაშვილმა (-90კგ).
საქართველოს ნაკრები უნგეთის გრანდ-სლემზე შემდეგი შემადგენლობით წარსდგა:
-78კგ – მარიამ ჭანტურია;
+78კგ – სოფიო სომხიშვილი.
-60კგ – ლუხუმ ჩხვიმიანი, თემურ ნოზაძე;
-66კგ – ვაჟა მარგველაშვილი;
-73კგ – ლაშა შავდათუაშვილი;
-81კგ – გიორგი შერაზადიშვილი, ზაურ დვალაშვილი;
-90კგ – ბექა ღვინიაშვილი, ნიკა ხარაზიშვილი;
-100კგ – ონისე სანებლიძე, ვარლამ ლიპარტელიანი;
+100კგ – გელა ზაალიშვილი;