22 აგვისტოს ლადო მუსელიანის სახელობის ლენტეხის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში გმირულად დაღუპული, ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენის კავალერის ალექსანდრე (ალეკო) ონიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა.
საღამო ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის სამსახურისა და მუზეუმის დირექციის ერთობლივი ძალისხმევით ჩატარდა. საღამოს დაესწრნენ მუნიციპალიტეტის გამგებელი ამირან ჯამბურიძე, გამგებლის მოადგილე ოლეგ ბაბლუანი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ოლეგ ფურელიანი; კულტურის, განათლების, სოცილური დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსი მარადი ლიპარტელიანი და გამგეობის სხვა თანამშრომლები, ლენტეხის წმ. გიორგის სახელობის ეკლესიის მღვდელი დეკანოზი იაკობი, საღამოს ესწრებოდნენ ახალგაზრდები. სტუმრებს შორის ალეკოს ოჯახის წევრებიც იმყოფებოდნენ. მუზეუმის დირექტორმა ინგა ონიანმა, თანამშრომელმა მერი ქურასბედიანმა და სხვებმა გაიხსენეს ალეკო ონიანის გმირობის ამბავი. ალეკო ონიანი ერთერთია იმ 17 მეომრიდან, რომელნიც 2008 წელს სოფ. შინდისთან მტერთან უთანასწორო ბრძოლაში გმირულად დაიღუპნენ და მათ ,,შინდისელ გმირებს“ უწოდებენ. მათ გმირობაზე გადაღებულია დოკუმენტური ფილმი. მათ მიეძღვნათ მრავალი ლექსი თუ სიმღერა.
საღამოზე წაიკითხეს ლექსები, იმღერეს მოწვეულმა სტუმარმა, მომღერალმა ანი მალაზონიამ და ადგილობრივმა შემსრულებლებმა კახა გაზდელიანმა, ზვიად მუსელიანმა და ივანე ლიპარტელიანმა. ასევე გაიმართა ინტელქტუალური თამაში ,,საუბარი წინაპრებთან“, რომელშიც თანამდებობის პირებმაც მიიღეს მონაწილეობა და აქტიურად უპასუხეს ,,წინაპრების შეკითხვებს“. საღამოს დასასრულს ახალგაზრდებმა, სტუმრებმაც და მასპინძლებმაც ერთად იმღერეს.