ეთერ ლიპარტელიანმა ევროპის ჩემპიონატიც მოიგო

1-3 ივლისს ფინეთის ქალაქ ვანტააში გაიმართა ევროპის ჩემპიონატი ჭაბუკ ძიუდოისტებს შორის. ჩემპიონატში მონაწილეობდა 41 ქვეყნის 421 წარმომადგენელი, მათ შორის საქართველოს 18 ძიუდოისტი.

შარშან გამართული ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის გამარჯვებულმა ლენტეხელმა ეთერ ლიპარტელიანმა ამჯერადაც გაახარა გულშემატკივრები და ოქროს მედალი მოიპოვა 57 კგ წონით კატეგორიაში. ეთერმა ყველა შეხვედრა დამაჯერებლად განვლო: პირველ წრეში რუმინელი ილინკა მოროსანუ 19 წამში იპონით დაამარცხა, შემდეგ ხორვატი ივა ობერანის დასამარცხებლად ვაზარ-იუკო იმყოფინა, ნახევარფინალში ფრანგი ტანდო კალილე წუთსა და 40 წამში ასევე იპონით დაამარცხა, ხოლო ფინალში იტალიელი ნიკოლე დისანტოს იპონით დასამარცხებლად წუთი და 11 წამი დასჭირდა.

საქართველოს ვაჟ კადეტთა ნაკრებმა ზედიზედ მეორედ მოიპოვა გუნდური ჩემპიონობა, ხოლო ინდივიდუალურად ვაჟებმა და გოგონებმა სულ 6 მედალი მოიპოვეს:აქედან ვერცხლი-საბა გრიგალაშვილი 60კგ წონით კატეგორიაში, ბრინჯაო –ალეკო მამიაშვილი 66 კგ-ში, ბრინჯაო –გიორგი ჩიქოვანი 90 კგ-ში და ბრინჯაო – ნიკ დონღვანი +90-ში, გოგონებში მეორე ადგილი და ვერცხლის მედალი მოიპოვა სოფიო სომხიშვილმა მძიმე წონაში. საქართველოს ნაკრებიდან ინდივიდუალურ ასპარეზობაში ერთადერთი ოქროს მედალი ეთერ ლიპარტელიანმა მოიპოვა.

ნანი ბენდელიანი