ქვეყნის ყველაზე მასშტაბური ბიზნეს-კონკურსი “ბიზნესდაჯილდოება 2016″ 17 ნოემბერს დასრულდა. ნომინაციაში – „წლის ტურისტული ბიზნესი”- გამარჯვებული ლენტეხელი ზვიად ქურასბედიანის ოჯახური რესტორანი „ბარბარესთან” გახდა. ათშვილიანი წევრისგან შემდგარ ოჯახურ ბიზნესს უპრეცედენტოდ მაღალი, პოზიტიური და რეიტინგული შეფასებები მოჰყვა. “სვანეთიინფო.გე” ულოცავს ფინალისტს ამ მნიშვნელოვან გამარჯვებას!
რესტორნის მომხმარებლები ძირითადად ადგილობრივი (60%) და უცხოელი ტურისტები (20%) არიან. სწორედ მათი მხარდაჭერით მიიღო აღიარება “ბარბარესთან”.
ბიზნეს-კონკურსი „ბიზნესდაჯილდოება 2016″ მიზნად ისახავს მეწარმეობის პოპულარიზაციას ქვეყანაში. პროექტის ორგანიზატორების აზრით, ბიზნესის კეთება შეუძლია ყველას, მთავარია რწმენა და გამბედაობა, რომ გადადგან ნაბიჯი და წამოიწყონ საკუთარი საქმიანობა ადამიანებმა. “ჩვენ ვცდილობთ, თითოეულ ადამიანს მივცეთ ინსპირაცია, გავუჩინოთ ბიზნესის კეთების სურვილი და ასე გავაუმჯობესოთ ეკონომიკური გარემო ქვეყანაში. სწორედ ამიტომ ბიზნესდაჯილდოება მიიღებს გრძელვადიან ხასიათს და გაიმართება ყოველწლიურად”, – აღნიშნა ღონისძიებაზე.
“ბიზნესდაჯილდოება 2016”-ზე დარეგისტრირდა 523 კომპანია. ხმის მიცემა დაიწყო 1 ნოემბერს და გაგრძელდა 17 ნოემბრამდე. ხმის მიცემა ონლაინ, ფეისბუკის გვრდზე იყო შესაძლებელი.
ნანი ბენდელიანი, ლენტეხი