25 მაისს მესტიაში, სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმის საკონფერენციო დარბაზში საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტის განხილვა გაიმართა. დარბაზში მყოფ საზოგადოებას საქართველოს კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების აუცილებლობის შესახებ ესაუბრენ სამართლის დოქტორი ვასილ გონაშვილი და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები გიორგი ვოლსკი, ცოტნე ზურაბიანი, დავით მათიკაშვილი. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ვიქტორ ჯაფარიძე, გოჩა ენუქიძე და სხვა თანამდებობის პირები.
შეხვედრამ კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩაიარა. დამსწრე საზოგადოება საკმაოდ აქტიურობდა და ოცზე მეტმა მათგანმა კითხვები დასვა. დეპუტატებს კითხვებით მიმართეს დარიკო ჟორჟოლიანმა, ფირუზ ფილფანმა, ავთო ჯაფარიძემ, ვაჟა პირველმა, ზაურ ჩართოლანმა, ლაშა რატიანმა, როდამ გვარლიანმა, ზაზა დევდარიანმა, მურთაზ ფალიანმა, იგორ რატიანმა, მურთაზ გულედანმა, თენგო დადაშქელიანმა, ავთო საბანიძემ და სხვებმა.
ერთერთი ძირითადი საკითხი რაც მოსახლეობამ დასვა შეეხებოდა საქართველოს სამხარეო-ტერიტორიული მოწყობის საკითხს, კერძოდ, მესტიის მუნიციპალიტეტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონიდან გამოყოფას.
მოსახლეობამ კითხვები და მოსაზრებები დააფიქსირა ისეთ თემებზე, როგორიცაა შერეული საარჩევნო სისტემის პროპორციულით ჩანაცვლება, მიწის გასხვისების წესი, პრეზიდენტის არჩევის წესი, ტერიტორიული მოწყობის საკითხები. ასევე იყო საუბარი სოციალურ საკითხებზეც, მოსახლეობისთვის მიწის გაფორმებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე, ჯანდაცვის სისტემაში არსებულ პრობლემებზე,
მუზეუმის თანამშრომელმა დარიკო ჟორჟოლიანმა დააყენა საკითხი სვანური ენის, როგორც გადაშენების პირას მყოფი ენის დაცვის შესახებ და მისი აზრით კონსტიტუციაში შესაბამისი ჩანაწერის აუცილებლობაზე.
ფოტოზე: აზრს გამოთქვამს დარიკო ჟორჟოლიანი
მესტიის სტუმრებმა კმაყოფილება გამოთქვეს შეხვედრის საქმიანი ხასიათის გამო.
კონსტიტუციის ცვლილებების კანონპროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვები 5 მაისს დაიწყო და ის უკვე გაიმართა საქართველოს სხვადასხვა ქალაქსა თუ რეგიონულ ცენტრში.
ზაურ ჩართოლანი
ავთო ჯაფარიძე
ვაჟა პირველი
მურთაზ გულედანი
მურთაზ ფალიანი
როდამ გვარლიანი
ფირუზ ფილფანი
მადონა წერედიანი, დაბა მესტია.