სოფ. გვიმბრალის ოთიას უბანში სასმელი წყლის გაყვანას წლებია ითხოვენ

სოფელი გვიმბრალა ცაგერი-ლენტეხის შემაერთებელ გზაზე, ცხენისწყლის მარცხენა ნაპირზე, დაბა ლენტეხიდან 15 კმ-ის მოშორებით მდებარეობს. დავინტერესდით რა პრობლემები აწუხებთ გვიმბრალის მცხოვრებთ, რა დაპირებები მიიღეს 2014 წლის ადგილობრივი თითმმართველობის არჩევნებზე და როგორი კმაყოფილები არიან მათი შესრულებით.

გვიმბრალაში ოთიას უბანს ვესტუმრე, რომელიც სოფლის მაღლა ნაწილში მდებარეობს. იქ რამდენიმე მოსახლეს გავესაუბრე, მაგრამ ვიდეოჩაწერაზე ყველამ უარი განაცხადა, ამიტომ მათთან საუბარს წერილობით გთავაზობთ (ინიციალები შეცვლილია):

თუ გახსოვთ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე სააგიტაციო პერიოდში რა დაპირებები ჰქონდათ იმ კანდიდატებს, რომელთაც შემდეგ გაიმარჯვეს და ახლა თვითმმართველობის ორგანოებში მუშაობენ ?

უ. ჭ.: დაპირებები ყველაფერი კარგი აქვთ მაგ პერიოდში.

კონკრეტულად ?

უ. ჭ.: გამგებლის შეხვედრას რომ დავესწარი მე, ლამის ფიცი დადო, რომ ერთ პატარა საწარმოს გავხსნიო სადაც მინიმუმ 60 ადამიანს მაინც დავასაქმებო, მაგრამ არ შეასრულა.

კიდევ რა დაპირებები ჰქონდა ?

უ. ჭ.: მეტი არ მახსოვს. უკვე არც ვიცით რომელ არჩევნებზე რას გვპირდებიან.

ზ. უ: მოთხოვნა გვქონდა წყალზე და რამდენი ხანია ვითხოვთ და ისევ არ გვაქვს.

უ. ჭ.: ჩვენ წყალს ვითხოვთ, სანამ ოცნება მოვიდოდა ჯერ კიდევ იმ დროიდან. 2015-ში ჩაატარეს ტენდერი და წყლის სათავე ავზები გაკეთდა “ჟიბე მოლებს” რომ ვეძახით იმ ადგილებში. მარტო ავზები გაკეთდა. მომდევნო წელს მილებზე იქნებაო ტენდერი და იმასაც გავაკეთებთო, მაგრამ აღარ გააკეთეს. ჩვენი პროექტი არ ჩასვეს და სხვა უბანში გააკეთეს წყალი, იმათთან სხვა ავზიდან შეიყვანეს, ახლო ავზიდან, ჩვენი ავზები ძალიან შორს არის. 3 კმ იქნება. 2 ავზი არის გაკეთებული. ოთიას უბანს წყალი არ გვაქვს, ახლა ტალახიანი წყალი მოგვდის და სასმელ წყალს მანქანებით ხან ცაგერიდან ვეზიდებით, ხან ხოფურიდან, სადაც იქნება მანქანა წამსვლელი.

შარშან საპარლამენტო არჩევნებამდე, უბანმა თქვა, რომ თუ წყალს არ გაგვიკეთებენ ოცნებას არცერთი მივცემთ ხმასო. მერე მოვიდნენ და ტკბილი სიტყვები აფრქვიეს, როგორც ეხერხებათ. მოატყუეს ხალხი, თუ გეგმაში არ იყო ჩასმული, ხომ ვერ გააკეთებდნენ.

ზ. უ.: ბაღი კი გახსნეს ერთი წელია დაახლოებით, ყველაზე მეტი ბავშვები ქვემო სვანეთის სოფლების ბაღებს შორის მგონი აქ არის, 7 ბავშვი ჰყავთ. ბიბლიოთეკაც არ იყო, გაუქმებული იყო და ისიც ერთი წელი იქნება რაც გახსნეს, მაგრამ ოთახები არა აქვთ, ბაღი კლუბის ერთ ოთახშია, ბიბლიოთეკას საერთოდ არა აქვს ოთახი  და სახლში აქვს ბიბლიოთეკარს წიგნები, ოთიაში, წიგნებს არავინ კითხულობს, მაგრამ მაინც. ბაღისთვის, ბიბლიოთეკისთვის და მგონი მედპუნქტისთვის ახალი შენობა უნდა ააშენონო, გვპირდებიან. მაგრამ რა ვიცით თუ ააშენებენ. წესით ასეთ პირობებში არ უნდა იყოს ბაღი და ამის საფუძველზეა ახალი ბაღის აშენება რომ უნდათ. დაპირება ერთია და გაკეთება მეორე. ახლა დაიწყებენ ისევ დაპირებებს. გზაზე ტრაქტორი გაატარ-გამოატარეს და ნორმალური გზა იყო, ახლახანს გააფუჭა წვიმებმა.

გ. დ.: 2010 წლიდან ვითხოვთ წყლის გაკეთებას, მაგრამ არ გაგვიკეთეს. შეხვედრები ბევრჯერ ყოფილა, ბევრჯერ მოსულა გამგებელი, ბევრჯერ დაგვპირდნენ, მაგრამ რა.

წყლის გარდა რას დაგპირდათ?

გ. დ.: გზების, ხიდების გაკეთებას. ხიდები კი გააკეთეს ოთიაში გასასვლელიც და ლაღარვაშშიც

უ. ჭ.: გვიმბრალა ყველაზე უყურადღებოდაა მთავრობისგან, წელიწადში ერთხელ გზა გაიწმინდა და ის უხარია ხალხს. გზა ყოველთვის უნდა იწმინდებოდეს, როცა საჭიროა. მომთხოვნი ხალხი არ ვართ ჩვენ. მაგრამ მოთხოვნასაც გააჩნია როგორ მოითხოვ, ისე უნდა მოითხოვო, რომ გააკეთონ.

სოფ. გვიმბრალის მოსახლეობის პრობლემებთან დაკავშირებით კომენტარი ვთხოვეთ ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის  ინფრასტრუქტურის, არქიტექტურის და სამშენებლო ზედამხედველობის სამსახურის უფროსს ლევან ლიპარტელიანს:

იმედია სასმელი წყლის პროექტების დაფინანსების საკითხი დროულად გადაწყდება და სვანეთში ხალხი უწყლობით არ დაიტანჯება.

20170627_170456
შიდა სასოფლო გზა სოფ. გვიმბრალაში 27.06.2017წ.

20170627_170434
შიდა სასოფლო გზა სოფ. გვიმბრალაში 27.06.2017წ.

ცოტნე მუსელიანი.