29 ივნისს ლენტეხის კულტურის სახლის დარბაზში “მიკრო გრანტები მთის განვითარებისათვის” პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა. აღნიშნული პროგრამა მეწარმეობის განვითარების სააგენტომ მთის განვითარების ეროვნულ საბჭოსთან თანამშრომლობით შეიმუშავა.
“მიკრო გრანტები მთის განვითარებისთვის” მიზნად ისახავს საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში მიკრო და მცირე ბიზნესის განვითარებას, რაც მეწარმეების დაფინანსებითა და მათი ცოდნის ამაღლების გზით არის შესაძლებელი. პროგრამის პრეზენტაციაზე აღინიშნა, რომ ბიზნეს-იდეების წარდგენის ვადა 30 ივლისამდეა, მასში მონაწილეობის მიღება კი ყველა იმ მსურველს შეუძლია, რომელიც სრულწლოვანია და არ წარმოადგენს საჯარო მოხელეს. ბიზნეს-იდეის დასაფინანსებლად რამდენიმე ეტაპის გავლაა საჭირო: გრანტის მაძიებელი თავის განაცხადს ვებგვერდზე www.qartuli.ge არეგისტრირებს, რომელსაც შემდეგ საკონკურსო კომისია ონლაინ რეჟიმში განიხილავს. შემდეგ ეტაპს ბიზნეს-იდეის ბიზნეს-გეგმად გარდაქმნის სწავლება წარმოადგენს. საბოლოოდ, გამარჯვებული ბიზნეს-გეგმის ავტორებს საკონკურსო კომისია გამოავლენს.
აღნიშნული პროექტის შესახებ პრეზენტაცია მეწარმეობის განვითარების სააგენტოს წარმომადგენელმა, ბატონმა ოთარ ანთიამ წარმოადგინა. მან ამომწურავად ისაუბრა ამ პროგრამის შესახებ. იხილეთ პრეზენტაციის ვიდეოჩანაწერი:
ნანი ბენდელიანი, დაბა ლენტეხი