ქვემო სვანეთის მოსახლეობა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ჰიდრო-ელექტროსადგურების მოსალოდნელი მშენებლობების შესახებ ინფორმაციამ შეაშფოთა.
ადგილობრივები თვლიან, რომ 3 გიგანტური ჰესის მშენებლობა დიდი საფრთხეს შეუქმნის რეგიონს: შეიცვლება კლიმატი, აღარ ექნებათ სახნავ-სათიბი მიწები, რაც სოფლის მოსახლეობის დაცლას გამოიწვევს. ენერგეტიკის სამინისტროში კი აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე მძლავრი ჰესების მშენებლობა დაგეგმილი არ არის. ლენტეხში სულ 6 ჰესის მშენებლობაზეა საუბარი. აქედან 3 მათგანის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაწყებულია. დანარჩენი 3 ჰესის პროექტი ინვესტორს ელოდება. ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით 6 ჰიდროელექტროსადგურიდან 1 – მცირე, 1 – დიდი და 4 – საშუალო სიმძლავრის იქნება.
“svanetiinfo.ge” ამ საკითხთან დაკავშირებით ლენტეხის მოსახლეობას გაესაუბრა. ადგილობრივები არ ფლობენ ზუსტ და დეტალურ ინფორმაციას ლენტეხის ტერიტორიაზე ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით. მათ ამის შესახებ ყურმოკვრით სმენიათ.
49 წლის ომარ ონიანი (სახელი და გვარი პირობითია) ამბობს, რომ, მისი ინფორმაციით, იგეგმება ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა: “ვფიქრობ, რომ ჰესების მშენებლობა დიდ საშიშროებას შეგვიქმნის. შეიცვლება კლიმატი, საგუბარის გათხრა მოსახლეობას იძულებულს გახდის, აიყაროს და სხვაგან ეძიოს საცხოვრებელი. მე არ ვამბობ, რომ არაფერი არ უნდა გაკეთდეს. ჰესები უნდა აშენდეს, მაგრამ ასეთ პატარა და მთაგორიან ადგილას უფრო მიკროჰესების მშენებლობა იქნებოდა მისაღები, როგორც ეს შვეიცარიაში, იტალიასა და ჩეხეთში ხდება. აშენებენ პატარა მიკროჰესებს და მოსახლეობა იღებს ელექტროენერგიას”, – ამბობს ჩვენთან საუბარში და დასძენს, რომ სოფლის ბოლოში გათხრილი საგუბარი მოსახლეობას სახნავ-სათიბი მიწებით სარგებლობას შეუზღუდავს და იძულებულს გახდის, დატოვოს სოფელი.
42 წლის ლუიზა ონიანის (სახელი და გვარი პირობითია) ინფორმაციით, იგეგმება ლაშხეთის ზონაში 2 და ჩოლურში 1 ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა, რაც კლიმატის ცვლილებასთან ერთად ბევრ უსიამოვნებას მოუტანს მოსახლეობას: “სახნავია, სათიბია, დაბინძურდება ტერიტორია, შეიცვლება ეკოლოგიური ვითარება… მე თუ მკითხავ, მოსახლეობას უნდა ჰკითხონ აზრი. ადგილობრივები შეეწინააღმდეგებიან ამ წამოწყებას. არ ენდომებათ გიგანტური სადგურების აშენება,” – აღნიშნავს “svanetiinfo.ge”-სთან საუბარში ლაშხეთის მკვიდრი.
როგორც ირკვევა, მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი ეჭვის თვალით უყურებს ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობას. ისინი ბევრ საფრთხეს ხედავენ ამ წამოწყებაში.
თემის აქტუალობიდან გამომდინარე, “svanetiinfo.ge ” ენერგეტიკის სამინისტროს დაუკავშირდა. პრესსამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, საქართველოში არსებული ალტერნატიული ენერგიის მდიდარი პოტენციალის ათვისების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის თანახმადაც, რეგულირდება ელექტროსადგურების მშენებლობის, ფლობის და ოპერირების შესახებ ინტერესთა გამოხატვის პროცედურები. ენერგეტიკის სამინისტრო ამტკიცებს და ოფიციალურ ვებ–გვერდზე აქვეყნებს ასაშენებელი პოტენციური ელექტროსადგურების ნუსხას. ინტერესთა გამოხატვა ცხადდება მხოლოდ ამ ნუსხაში შემავალ პროექტებზე. თავისთავად, ყველა ასეთ პოტენციურ ელექტროსადგურზე არსებობს ექსპერტების მიერ შესწავლილი დასკვნა, თუ რა სიმძლავრის და რა მონაცემების ჰესი აშენდეს. პრაქტიკულად, არსებობს მზა პროექტი თავისი ხარჯთაღრიცხვით, საჭიროა, მხოლოდ ინვესტორის მიერ სურვილის გამოხატვა. ინვესტორის მხრიდან კონრეტული პროექტ(ებ)ით დაინტერესების შესახებ გაკეთებული ოფიციალური განაცხადის შემდეგ, მთვრობა იღებს გადაწყვეტილებას ელექტროსადგურის მშენებლობაზე. შემდეგ იწყება ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევები, მემორანდუმი ფორმდება და გაიცემა მშენებლობის ნებართვა.
ენერგეტიკის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, კონკრეტულად ლენტეხში ამ ეტაპზე იგეგმება 3 ელექტროსადგურის მშენებლობა. ანუ, მიმდინარე კვლევები ხორციელდება ხელედულა ჰესი 3-ის, ცხენისწყალის ჰესების კასკადზე და ლასკადულა ჰესზე. სამივე პროექტი მთლიანობაში 424 მგვ-ზეა გათვლილი და მათი ღირებულება 805 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს. აქედან, ლასკადულა ჰესი ტექნიკურ ეკონომიკური კვლევის ეტაპზეა, ხოლო ხელედულა ჰესი 3 და ცხენისწყალის ჰესების კასკადი კვლევის ეტაპზეა შემდეგი მშენებლობის ვალდებულებით. ხელედულა 3 ჰესის მშენებლობას თურქული კომპანია “ანადოლუ” განახორციელებს. ეს ჰესი საშუალო სიმძლავრის – 60.4 მგვტ ენერგიაზეა გათვლილი და მშენებლობის ღირებულება 97 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. ცხენისწყლის ჰესების კასკადი დიდი სიმძლავრის იქნება, იგი შპს “არ-ბი-აი გრუპი”-ს ხელშია, 357 მგვტ-ზეა გათვლილი და ღირებულება 695 მილიონი აშშ დოლარია. მცირე სიმძლავრის ლასკადურა ჰესით შპს “ლასკადა ენერჯი” დაინტერესდა. ჰესი 6.6 მგვტ-ზეა გათვლილი და ღირებულება 13.2 მილიონი აშშ დოლარია შეადგენს.
გარდა ამისა, ლენტეხში ასაშენებელ ჰესებზე არსებობს მზა პროექტები, რომლებიც ჯერჯერობით ინვესტორის მოლოდინშია. ექსპერტების მიერ შესწავლილი მონაცემებით, პოტენციური ჰესის პროექტი არსებობს მდინარე ზესხოზე – ზესხო ჰესი 1, მდინარე ხელედულაზე სოფელ ხაჩეშთან – ხელედულა ჰესი 1, ასევე მდინარე ხელედულაზე სოფელ ხელედში – ხელედულა ჰესი 2. მზა პროექტების მიხედვით, სამივე მათგანი საშუალო სიმძლავრის იქნება.
გამოიწვევს თუ არა ეკოსისტემის ცვლილებას ლენტეხში ელექტროსადგურების მშენებლობა, ან რა სარგებლს მიიღებს ადგილობრივი მოსახლეობა, ამ და სხვა საკითებზე საქართველოს ენერგეტიკისა და ბურებრივი რესურსების მინისტრის მოადგილეს, ბატონ ილია ელოშვილს გავესაუბრეთ:
– “ამ ეტაპზე საქართველოში მთის გადარჩენის ერთადერთი საშუალება ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობაა. მიგრაციას ამ გზით თუ შევაჩერებთ. რატომ არის გაუმართლებელი ჰესების მშენებლობა? წარმოიდგინეთ, რა იქნებოდა, საქართველოს ენგურჰესი და ჟინვალჰესი რომ არ ჰქონოდა. ქვეყანაში სულ 400-მდე სხვადასხვა სიმძლავრის ელექტროსადგური იყო აშენებული. აქედან, 50-იანი წლებიდან მხოლოდ 50 ფუნქციონირებადი ჰესი დარჩა. ეს ჰესები დღეს ქვეყნის მოთხოვნილების 75%-ს აკმაყოფილებს. თავის დროზე ესენი რომ არ აშენებულიყო, წარმოგიდგენიათ რა მოხდებოდა? თანაც, არ არსებობს არც ერთი ფაქტი, რომ ასეთ მშენებლობებს რაიმე სირიოზული ცვლილება და ზიანი გამოეწვიოს ეკოსისტემაზე, ან ადამიანების ჯანმრთელობაზე.
– რა სარგებელს მიიღებს მუნიციპალიტეტის მოსახლეობა მათ ტერიტორიაზე ჰესების აშენებით?
– დავიწყოთ იქიდან, რომ თითო მშენებლობა 3 წელი მაინც მიმდინარეობს. ამ 3 წლის მანძილზე, დაახლოებით, 300-მდე ადგილობრივი დასაქმდება მშენებლობაზე. მათი სახელფასო ანაზღაურება 1000-დან 1500 ლარამდე იქნება. მშენებლობის დასრულების შემდეგ იმ რაოდენობის არა, მაგრამ საჭირო მუშახელი ისევ ადგილობრივი მოსახლეობიდან იქნება. ეს თანხა ხომ მათ ოჯახებში შევა? გარდა ამისა, ნებისმიერი მშენებლობის დროს, მშენებლობის დაწყების მომენტიდან ჰესის არსებობის მაძილზე მფლობელი (ინვესტორი) ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ქონების გადასახადის 1% ადგილობრივი მმართველობის ბიუჯეტში გადარიცხოს. მაგალითისთვის, აჭარაში 400 მილიონიანი მშენებლობა მიმდინარეობს. ყოველწლიურად 4 მილიონი დოლარი ადგილობრივ ბიუჯეტს შეავსებს. სახელმწიფოს მიერ თვითმმართველობების დაფინანსება ამასთან კავშირში არ არის. ეს არის, ასე ვთქვათ, დამატებითი სუბსიდირება, რომელსაც თავად განკარგავს თვითმმართველობა. შეუძლია მოახმაროს კულტურის, სპორტის განვითარებას, გზების რეაბილიტაციას, სოციალურ პროექტებს.”
“svanetiinfo.ge” გარემოსდაცითი არასამთავრობო ორგანიზაციის აზრითაც დაინტერესდა. “მწვანე ალტერნატივის” წარმომადგენელი, დავით ჭიპაშვილი ამბობს, რომ მათი ორგანიზაციისთვის ლენტეხში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია უცნობია, თუმცა, ზოგადად, ქვეყანაში არსებულ ენერგეტიკულ მიდგომებს კრიტიკულად აფასებს:
– “გლობალური პრობლემა საქართველოში ისაა, რომ ქვეყანას ენერგეტიკული ხედვა არ გააჩნია. ენერგეტიკული განვითარების კონცეფციის გარეშე ხდება პროექტების დაგეგმვა და განხორციელება. ამჟამად ქვეყანაში არსებული მიდგომა რადიკალურად ეწინააღმდეგება ასოცირების ხელშერულებით გათვალისწინებულ ნაკისრ ვალდებულებს. გარემოსდაცვითი რისკები მეორე პლანზე ინაცვლებს, როდესაც ეკონომიკური შეუსაბამობები ვლინდება.
– რას გულისხმობთ?
– მაგალითს მოვიყვან: თითოეულ მემორანდუმში, რომელიც ინვესტორსა და სახელმწიფოს შორის ფორმდება, წინასწარ არის განსაზღვრული გამომუშავებული ელექტროენერგიის ღირებულება, მაგრამ რის მიხედვით დგინდება ეს ტარიფი, უცნობია. ჩვენ ვეცადეთ გაგვერკვია, მაგრამ ამაზე პასუხი ვერ მივიღეთ. მაგალითად, ენგურჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენებგიის ღირებულება 1.12 თეთრია, მაშინ, როდესაც (პროექტის მიხედვით) ხუდონჰესის მიერ გამომუშავებული ენერგიის ღირებულება 10.5 აშშ დოლარად არის შეფასებული. რატომ? – გაუგებარია. საქართველოში ასაშენებელ ყველა ჰესის მიერ გამომუშავებულ ელექტროენერგიას განსხვვებული ტარიფი ადევს, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ რატომ – უცნობია.
– დავუბრუდეთ ეკოლოგიურ და გარემოსდაცვით რისკებს, რა ზიანი შეიძლება მოჰყვეს, თუნდაც, საშუალო სიმძლავრის ელექტროსადგურის მშენებლობას?
– ჩვენ ვეწინააღმდეგებით იმ აზრს, რომ მთის გადარჩენის გზა ბუნებრივი რესურსების გამოყენებაა. ვთვლით, რომ სვანეთში სოფლის მეურნეობა და ტურიზმი უნდა იყოს არანაკლებ მნიშვნელოვანი. ჰესების მშენებლობით ორივე სფერო დაიკარგება. მეცხოველეობის განვითარება შეფერხდება, როდესაც სახნავ-სათესი მიწები შემცირდება. ასევე, ტურისტებისთვის ნაკლებად მიმზიდველი იქნება ეს წყლით დაფარული რეგიონი, ანუ დაკარგული ტერიტორიების გამო.
– მაგრამ, ეს ტერიტორია “იკარგება” გარკვეული სარგებლის გამო?
– რეალურად იკარგება და მიღებული სარგებელი ანაზღაურებს თუ არა იმ დანაკარგს, ეს ცალკე თემაა. მაგალითისთვის ვიტყვი: ყველანაირად გაუმართლებელი იქნება ტყიბულში თბოელექტროსადგურის აშენება, რომელმაც ქვანახშირზე უნდა იმუშავოს. კვლევებით, საქართველო ჰაერის დაბინძურებით პირველ ადგილზე დგას. ლამის ჩინეთს გავუთანაბრდით. ასეთი სტრატეგიის შემდეგ, კიდევ უფრო დაბინძურდება გარემო. სწორედ ასეთი მიდგომები გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ქვეყანაში ერთიანი სტრატეგიული ენერგეტიკული ხედვა არ არსებობს.”
რეალურად რამდენი ელექტროსადგური აშენდება ლენტეხში, რა სიმძლავრის, ან რა ეტაპზეა სამუშაოები, ამ კითხვებით “svanetiinfo.ge” ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგებელს – ამირან ჯამბურიძეს ესაუბრა. სრულად გთავაზობთ მასთან ინტერვიუს:
გთავაზობთ უკვე გადაწყვეტილი და ასაშენებლად გამზადებული ხელედულა-3 ჰესის სქემას, სადაც წითელი ხაზით გასაყვანი გვირაბებია აღნიშნული. ამ სქემის მიხედვით, მდინარე ხელედულას რაღაც ნაწილი სოფ. ხელედის მახლობლად გვირაბში უნდა მოაქციონ, ამ გვირაბს უნდა შეუერთონ ასევე მდინარე დევაში და გვირაბში მოქცეულმა ამ ორმა მდინარემ უნდა ამუშაოს ელექტროსადგური, რომელიც მდ. ცხენისწყალთან ახლოს აშენდება:
სქემის მთელ ეკრანზე სანახავად მიჰყევით ბმულს.
“svanetiinfo.ge” კვლავ გააგრძელებს ამ თემით დაინტერესებას და მკითხველს პერიოდულად მიაწვდის ინფორმაციას.
ვერიკო გულუა, თბილისი
თამარ ონიანი, სოფ. სასაში
ცოტნე მუსელიანი, დაბა ლენტეხი