მიმდინარეობს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კამპანია და შესარჩევი კონკურსი. კონკურსში 114 აპლიკანტი მონაწილეობდა, მათგან 10 საუკეთესო შეირჩა, რომელთა შორის არის სვანეთის მკვიდრი, სოფელ ფარის საჯარო სკოლის პედაგოგი ეკა წულუკიძე.
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კამპანია და შესარჩევი კონკურსი ხორციელდება კოალიციის “განათლება ყველასათვის” და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინიაციატივითა და ორგანიზებით. ამ კამპანიის სლოგანია “მომავალი განათლებაშია“. ის საქართველოში პირველად ტარდება და მასწავლებელთა პოპულარიზაციისკენ მიმართული გლობალური კამპანიის “The Global Teacher Prize“-ის ნაწილია.
კონკურსის 5 ფინალისტი სექტემბერში გამოვლინდება, ხოლო მათგან გამარჯვებული 5 ოქტომბერს, მასწავლებლის მსოფლიო დღეს, “მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ პირველი მფლობელი გახდება, გარდა ამისა, მას, ფულადი პრიზის სახით, კამპანიის გენერალური სპონსორისგან – ინა გუდავაძე-პატარკაციშვილისგან 10 000 ლარი გადაეცემა.
კონკურსში მონაწილე აპლიკანტები შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით შეირჩნენ:
– მოსწავლეების სწავლის შედეგების გაუმჯობესება;
– სწავლების ინოვაციური და ეფექტური მიდგომების გამოყენება;
– ზოგადსაკაცობრიო მოქალაქეობრივი ღირებულებებისა და პრინციპების სწავლება;
– საზოგადოებრივი აღიარება და სამოქალაქო აქტივობა;
– პროფესიული განვითარება და გამოცდილების გაზიარება.
ჩვენ ეკატერინე წულუკიძეს რამდენიმე კითხვით მივმართეთ:
– ქალბატონო ეკა, პირველ რიგში გილოცავთ ამ წარმატებას. როგორ ფიქრობთ, რატომ გააკეთა არჩევანი ჟიურიმ თქვენზე?
– გმადლობთ. როგორც იცით კონკურსში 114 აპლიკანტი მონაწილეობდა, ყველა დამსახურებული და ღირსეული პედაგოგი, რომლებიც თავდაუზოგავად შრომობენ ახალგაზრდების ღირსეული განათლებისთვის, შესაბამისად არჩევანის გაკეთება ჟიურისთვის არ იქნებოდა ადვილი.
რაც შემეხება მე, ცოტა გამიჭირდება ჩემს თავზე საუბარი, მაგრამ ვიტყვი, რომ ჩემი ყველაზე მნიშვნელოვანი და ძლიერი მხარე, სწორედ ის საზოგადოებრივი საქმიანობაა, რომელსაც ვახორციელებ ჩვენს სოფელში ახალგაზრდების კეთილდღეობისთვის.
როგორც პედაგოგი, ვცდილობ ჩემი გაკვეთილები ყოველთვის იყოს მოსწავლეთა ინტერესებზე მორგებული, თითოეულმა გაკვეთილმა მათ ახალი და მნიშვნელოვანი შემატოთ, რასაც ცხოვრებაში გამოიყენებენ, ჩავუნერგო პიროვნული ღირებულებები, რაც მომავალში აქტიური მოქალაქისა და ღირსეული პიროვნების ჩამოყალიბების საწინდარია.
წლების განმავლობაში ვხელმძღვანელობ სამოქალაქო კლუბს, სადაც ჩემს მოსწავლეებთან ერთად უამრავი საზოგადო აქტივობები განვახორციელეთ, ჩემმა მოსწავლეებმა ისწავლეს პრობლემის დანახვა, მისი გადაჭრის გზების ძიება, გაითავისეს ის პასუხისმგებლობა, რაც საზოგადოების, თემის წინაშე აქვთ. ჩვენი საქმიანობის ფარგლებში 5 საგრანტო პროექტი განვახორციელეთ, შევქმენით ბიბლიოთეკა, მოვაწყვეთ მრავალფუნქციური ოთახი, სადაც ვმართავთ სხვადასხვა შეხვედრებსა თუ ღონისძიებებს, გავაკეთეთ საფეხბურთო მოედანი და შევიძინეთ ტექნიკური აღჭურვილობა, ვიდეოკამერა, ფოტოაპარტი, პრინტერი, პროექტორი.
პარალელურად, მეორე წელია ვხელმძღვანელობ ეკო-კლუბს, რომლის საქმიანობა თქვენი მედიითაც გაშუქდა.
წლების განმავლობაში, ხელს ვუწყობს წიგნიერების დონის ამაღლებას, წელს მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელე – ლიტერატუტული კლუბი “ჯინსების თაობა“.
ამგვარად ვცდილობ, გავცდე საგაკვეთილო პროცესს და არაფორმალური განათლებით ხელი შევუწყო მოსწავლეების მრავალმხრივი უნარების განვითარებას.
ყოველთვის მიზიდავს სიახლეები, ვფიქრობ წარმატებული და მნიშვნელოვანი პროგრამა დავნერგე ჩემს სკოლაში, ეს არის etwinning -ი, საერთაშორისო ევროპული სასკოლო საზოგადოება, რომელიც ითვალისწინებს პროექტებით სწავლებას ევროპელ კოლეგებთან ერთად, გასულ სასწავლო წელს, წარმატებული პროექტისთვის “Welcome to my marvelous city”, მოგვენიჭა ევროპული ხარისხის ნიშანი, ფარის საჯარო სკოლას კი etwinning-ის სკოლის სტატუსი.
– როგორც ვიცი, თქვენ მნიშვნელოვან სათემო პროექტებსაც ახორციელებთ, ხომ ვერ გვეტყვით რა პროექტები განახორციელეთ?
– დიახ, უკვე 4 წელია, რაც ახალგაზრდული ორგანიზაცია, ა.(ა).ი.პ. “გავაძლიეროთ სოფლად ახალგაზრდები“ დავაფუძნე, რომელიც აქტიურად მუშობს სათემო პრობლემების მოგვარებაზე, ახალგაზრდების დასაქმებასა და არსებული გარემოს შეცვლაზე.
2013 წელს, განვახორციელეთ პროექტი “როგორ დავიცვათ ჩვენი გარემო დაბინძურებისგან“, რაც მიზნად ისახავდა სოფელში არსებული სტიქიური ნაგავსაყრელების გაწმენდას, სანაგვე ურნების განთავსებას სოფელში, ამ პროექტის ფარგლებში, სოფელი ფარი პირველი იყო სვანეთის მასშტაბით, ვინც ჩაერთო დასუფთავების სამსახურის მომსახურებაში.
2016 წელს, მნიშვნელოვანი პროექტი, Travel svaneti, რომელიც ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით განვახორციელეთ. პროექტი მიზნად ისახავდა სვანეთის სოფლებში ტურიზმის განვითარებას. სოფელ ფარში შეიქმნა ტურისტული ცენტრი, რომელიც მუშაობს სოფლის ტურისტული პოტენციალის რეალიზებაზე, ახალგაზრდების დასაქმებასა და კერძო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობაზე. პროექტს მიენიჭა წლის მაშტაბური პროექტის ნომინაცია, ამ პროექტმა ხელი შეუწყო სოფ. ფარის ტურისტული პოტენციალის რეალიზებას, დაიწყო ვიზიტორების შემოდინება, მოსახლეობა ავითარებს საოჯახო სასტუმროების ბიზნესს, რაც მნიშვნელოვნად აისახება სოფლის ეკონომიკურ სიძლიერეზე.
ამჟამად გვაქვს მიმდინარე პროექტი, სოციალური საწარმო ქალებისთვის “მზეკო“, რომელიც ასევე ბავშვთა და ახალგაზრდობის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. სოციალურ საწარმო ხელს უწყობს პროფესიულ განათლებას, ახალგაზრდები ეუფლებიან ხელობას, ქარგვას, ქსოვას, თექაზე მუშაობას, ისინი ქმნიან 18 დასახელების პროდუქციას, რომლის რეალიზებას ვახდენთ და ბენეფიციარები იღებენ გასამრჯელოს მოგების 30 %-ს. საწარმოდან შემოსული მოგება, გათვალისწინებულია ახალგაზრდების პროფესიული განათლების ხელშეწყობისათვის, ჩვენს ბენეფიციარებს, რომელნიც გადაწყვეტენ მიიღონ პროფესიული განათლება, ჩვენ დავუნიშნავთ ყოველთვიურ სტიპენდიას და მომავალში დავასაქმებთ ამავე საწარმოში.
ეს არის მოკლე აღწერა ჩემი საქმიონობის, რომელსაც წლების მანძილზე ვახორციელებ და სწორედ ამ მიღწევებით წარვსდექი ამ კონკურსზე.
– ქალბატონო ეკა,რას ნიშნავს თქვენთვის ათეულში ყოფნა?
– იდგე გამორჩეულ და ღირსეულ პედაგოგთა შორის დიდი პატივია და ამავდროულად დიდი პასუხისმგებლობაა.
საბედნიეროდ, საქართველოში უამრავი ღირსეული პედაგოგია და ყველა მათგანი იმსახურებს დაფასებას, ჯილდოს და პატივს, ეს კონკურსი მხოლოდ დასაწყისია და იმედია მომავალში კიდევ ბევრ ღირსეულ მასწავლებელს გავიცნობთ, რომლებიც თავდაუზოგავად შრომობენ ახალგაზრდების მომავალი განათლებისთვის.
მადონა წერედიანი.